ე.წ გადატრიალების საქმე

გადატრიალება ტრენინგებით – როგორ გაზარმაცდნენ რეჟიმის შეთქმულების თეორიები

ე.წ გადატრიალების საქმე

გადატრიალება ტრენინგებით – როგორ გაზარმაცდნენ რეჟიმის შეთქმულების თეორიები

ანა გვარიშვილი არის ტაბულას კონტრიბუტორი და საქართველოს უნივერსიტეტში დაფუძნებული საგამოძიებო მედია ლაბორატორიის ხელმძღვანელი

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება და ქართულმა ოცნებამ კუდიანებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად გახსნა. შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებაზე დრაკონული შეზღუდვების დაწესების პარალელურად, რეჟიმმა მორიგი გამოძიება დაიწყო “სახელმწიფო გადატრიალების“ საქმეზე, რომლის ფარგლებშიც სერბეთისა და საქართველოს ხუთი მოქალაქე გამოიკითხა.

რა ხდება? 

18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, “საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა”. სხვა ჯგუფებთან ერთად სუს-მა მთავარ ორგანიზატორად დაასახელა ორგანიზაცია CANVAS, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წევრებს არაძალადობრივი საპროტესტო სტრატეგიების შემუშავებაში უტარებს ტრენინგებს. ორგანიზაციის ქართული ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი მელაძე იმავე დღეს გამოეხმაურა განცხადებას და ბრალდებები უარყო. 

26-29 სექტემბერს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში თბილისში CANVAS-ის სერბმა წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის 3-დღიანი ტრენინგი ჩაატარეს “სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის” საკითხებში, რისი სარეგისტრაციო ბმულიც საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. CANVAS-საქართველოს წარმომადგენლის, ნინი გოგიბერიძის თქმით, ეს ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული რიგით მე-4 ტრენინგი იყო ბოლო ორ წელში. გოგიბერიძე, რომელიც ტრენინგის ლოჯისტიკურ ნაწილზე იყო პასუხისმგებელი, ამბობს, რომ CANVAS-ის პასუხისმგებლობა მხოლოდ ტრენერების ჩამოყვანა იყო, ხოლო მონაწილეებს თავად USAID-ის წარმომადგენლები არჩევდნენ. 

2 ოქტომბერს სუს-მა ტრენინგზე გადაღებული ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერი ფრაგმენტირებულია, არ არის უწყვეტი და ამოღებულია ის მონაკვეთები, სადაც ტრენერები მონაწილეებთან თავიანთი, ან სხვა ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების არაძალადობრივ სტრატეგიებს განიხილავენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სერბეთის სამივე მოქალაქე, სინიშა სიკმანი, იულენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 29 სექტემბერს ე.წ მოდულის შენობაში გამოკითხეს. სიკმანის ცნობით, გამოკითხვა საშუალოდ 7 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც მათ ქვეყანა დატოვეს. 

2 ოქტომბერს გამოკითხვაზე დაიბარეს ნინი გოგიბერიძე, 4 ოქტომბერს CANVAS-საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი მელაძე, ორივე მათგანმა მაგისტრატი მოსამართლის წინ დაკითხვა მოითხოვა. ყველა მათგანს გაუთქმელობის შესახებ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და გამოძიების დეტალებზე საჯაროდ ვერ საუბრობს, თუმცა, მელაძემ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ თავად შეიტანა სარჩელი პროკურატურაში.

მოგვიანებით, სუს-მა გამოკითხვაზე ტრენინგის მონაწილეებიც დაიბარა.

მტრის ხატები და კუდიანებზე ნადირობა

2023 წლის მარტში საზოგადოებრივი ჯგუფების აქტიური პროტესტის შედეგად, ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო მიეღო ე.წ რუსული კანონი, რომელიც კანონის ძალით მიანიჭებდა უცხური გავლენის აგენტის იარლიყს ყველას, ვინც დაფინანსებას დასავლური ფონდებისგან იღებს. თუმცა, კანონის ჩაგდება რეჟიმს ხელს არ უშლის, რომ იგივე გააკეთოს კანონის გარეშეც. 

ე.წ მტრის ხატის შექმნა ავტორიტარული რეჟიმების მიერ ხშირად გამოყენებული სტრატეგიული ინსტრუმენტია, რომელიც მათ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასა და ოპოზიციის შევიწროვებაში ეხმარებათ. ის გულისხმობს გამოგონილი მტრების შექმნას ქვეყნის შიგნით, თუ მის გარეთ, რასაც შემდეგ რეჟიმი ეროვნული უსაფრთხოების და/ან სტაბილურობის საფრთხედ იყენებს. ასეთი “მტრები” რეჟიმს ეხმარება, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემებისგან ყურადღების გადატანაში, ხოლო მეორე მხრივ კი, პოლარიზაციასა და პოლარიზაციის შედეგად საზოგადოებაში მხარდამჭერთა ფარდობითი უმრავლესობის მობილიზება-შენარჩუნებაში. ამით ისინი საზოგადოებაში რეჟიმის მოწონებისა და შეგუების საფუძვლებს ინარჩუნებენ. 

“მათი არგუმენტია, რომ ყველა მტერია“ - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია - “რუსეთის პროპაგანდა ის ხომ არ არის, რომ პუტინი წარმოაჩინოს კარგად. ეგ მხოლოდ ნაწილია. მთავარი ისაა, რომ ყველა წარმოაჩინოს ერთნაირ ბოროტებად. იმავეს აკეთებს ეს რეჟიმი, იმიტომ, რომ ამაში ხედავს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას“. 

ნინი გოგიბერიძე ფიქრობს, რომ სუს-ის მიერ დაწყებული ბრალდებების სერია, რომელიც ერთხმად გაიმეორეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, წინასაარჩევნო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. 

“მე მგონია, რომ საკმაოდ რთული არჩევნები იქნება წინ, იმიტომ, რომ მაინც არჩევნების წინა წელი არის ყოველთვის გამორჩეულად მძიმე, გამორჩეულად ცდილობენ ადამიანების დემონიზებას. თან რიტორიკაც და ქმედებებიც ხელისუფლების მხრიდან უფრო და უფრო მეტად ავტოკრატიული ხდება. მე მგონია, რომ ნელ-ნელა იძაბება წინასაარჩევნოდ ვითარება და ამ ფონზე განსაკუთრებით სჭირდებათ რაღაც დემონების არსებობა. განსაკუთრებით, თუ ეს დემონები რამენაირად კავშირში არიან აშშ-ისთან, რომლემაც სულ ახლახან დაასანქცირა ჯერ მოსამართლეები, ხოლო შემდეგ უკვე FSB-ს აგენტი ფარცხალაძე“. - ამბობს ნინი გოგიბერიძე. 

ავტოკრატიულ რეჟიმებს არჩევნების მოგებისთვის სჭირდებათ იდეა, რომელზეც დაშენდება მათი წინასაარჩევნო კამპანია და რის ირგვლივაც მოსახლეობის მობილიზებას შეძლებენ.  მათი მიზანია, რომ ადამიანთა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს რეჟიმზე დამოკიდებული როგორც მატერიალურად, ისე ემოციურად. შესაბამისად, ისინი არ შედიან კლასიკური ტიპის კონკურენციაში ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ ეყრდნობიან მტრის ხატების იდეას. 

2012 წლიდან 2018 წლამდე ქართული ოცნების იდეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც ასეთის, დაბრუნების შიშის კულტივაციაზე იდგა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, და განსაკუთრებით, პირველი ტურის შედეგებმა, რეჟიმისთვის ცხადი გახადა, რომ ასეთი ტიპის კამპანიით, მომდევნო არჩევნების მოგება, შესაძლოა, უფრო გართულებულიყო. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რეჟიმმა პირველად დაიწყო უკვე არსებულ მტრის ხატთან ერთად ახალი იდეის შექმნა - დავითგარეჯა და მელაშვილი-ილიჩოვა, როგორც სახელმწიფოს მტრები. ეს იდეა სრულად აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს: ერთი მხრივ, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სენსიტიურ საკითხს, ისტორიულ სალოცავს ეხებოდა, მეორე მხრივ კი, იმდენად რთული და კომპლექსური იყო, რომ რიგით მოქალაქეს მასში გარკვევის არც დრო და არც სხვაგვარი რესურსი არ ჰქონდა. რაც ყველაზე მთავარია, ეს კამპანია ირიბად, თუმცა მაინც უკავშირდებოდა წინა ხელისუფლებას. მართალია, არამხოლოდ, თუმცა ამ იდეის დახმარებითაც, ქართულმა ოცნებამ არჩევნებში გაიმარჯვა. არჩევნებიდან რამდენიმე თვეში სინდისის პატიმრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ახლა 2023 წლის ოქტომბერია და დღემდე სახელისუფლებო ძალების მხრიდან ერთი სიტყვაც არ თქმულა მათზე, ვისაც მთელი სამთავრობო პროპაგანდა ქვეყნის გაყიდვას და ტერიტორიის მიზანმიმართულ დაკარგვას აბრალებდა. 

გიორგი მელაძე ვარაუდობს, რომ მისი და მისი კოლეგების მიმართ არსებული ბრალდებები ხელისუფლების ახალი წინასაარჩევნო “იდეა” გახდება. 

“მათ აქვთ ასეთი ხაზი, რომ დასავლეთი ერჩით და ისინი, ზეწოლისგან თავდაცვას ცდილობენ. ამ კონტექსტში მათთვის მნიშვნელოვანი იქნება შიდა ოპოზიციური მოძრაობის დიკსრედიტაციაც და ბუნებრივად ეს ყველაფერი ერთმანეთში ჯდება. თითქოს, დასავლეთი გარედან და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები შიგნიდან გადატრიალებას ცდილობენ და ამას ისინი კარგად გამოიყენებენ თავიანთი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის“ - ამბობს გიორგი მელაძე, რომელიც თავად იწყებს სამართლებრივ დავას სახელმწიფოს წინააღმდეგ. 

რუსული გზავნილი და სამიზნე ჯგუფები

გადატრიალებისა და რევოლუციური სცენარის ხსენებით საზოგადოებაში შიშის კულტივაცია რეჟიმისთვის სიახლე არ არის, მაგრამ ამჯერად გასათვალისწინებელია ის კონტექსტი და მასშტაბები, რომლის ფარგლებშიც რეჟიმი ძალადობრივ დამხობაზე საუბრობს. სუს-ის განცხადებები რუსული პროპაგანდის საუკეთესო ნიმუშად გამოდგება: რთული, კომპლექსური სცენარი, რომელშიც ერთი შეხედვით, მარტივი არ არის გარკვევა. რეჟიმის მტკიცებით, გადატრიალებაში რამდენიმე მხარეა ჩართული - ერთი მხრივ, წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები, რომლებიც აორგანიზებენ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომლებსაც წვრთნიან უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, რომლებსაც ინტელექტუალურად ამზადებს ორგანიზაცია CANVAS, რომლის შემადგენლობაშიც შედიან Otpor!-ისა და კმარას დამფუძნებელი წევრები და რომლებსაც ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს დასავლეთი, კერძოდ კი - ამერიკის შეერთებული შტატები, USAID-ის პროგრამის გავლით. 

ამ რთული სურათით რეჟიმი ერთდროულად რამდენიმე მტრის ხატს ქმნის - უკრაინის, უკრაინაში მებრძოლი ქართველების, წინა ხელისუფლების, აშშ-ს და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა, 2003 წლის ვარდების რევოლუციის ავანგარდში მყოფი აქტივისტების სახით.

ქართული ოცნება ანტიდასავლური რიტორიკით ხელისუფლებაში მოსვლამდეც გამოირჩეოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში მორიგი საომარი მოქმედებები დაიწყო 2022 წლის თებერვალში და დასავლური ქვეყნების უმრავლესობის პასუხი რუსეთისადმი ბევრად მკაფიო გახდა, რეჟიმის მიერ ანტიდასავლური რიტორიკა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა. ამას გიგა ბოკერია შემდეგნაირად ხსნის: 

“თუ ეს გზავნილი გინდა, რომ მშვიდობისთვის ხელისუფლებაში ქართული ოცნების ყოფნაა აუცილებელი, იმათაც უნდა დაუპირისპირდე, ვინც რუსებს უპირისპირდება. ზოგადად, ამ აბსურდის დამაჯერებლობისთვის, ყველგან მტრები უნდა იყვნენ. ეს ერთხელ თქმით ვერ მოხდება, ამ პროპაგანდას მუდმივი კვება უნდა“. 

ამ ყველაფრის ნაწილი იყო შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც, აშშ უკრაინის დასახმარებლად საქართველოში რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა, რისი არშესრულების გამოც, ახლა აშშ საქართველოს “სჯის“ სანქცირებული მოსამართლეებითა და სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორით. ამ კონტექსტში საგულისხმოა სუს-ის პირველი განცხადებიდან სამ დღეში რამდენიმე დღით ადრე შექმნილ YouTube არხზე, KGB-ს ოფიცრის, იგორ გიორგაძის ინტერვიუ. ინტერვიუში გიორგაძე სიტყვა-სიტყვით იმეორებს ყველა იმ ნარტივს, რომელსაც რეჟიმი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში იყენებს, მათ შორისაა მეორე ფრონტი, რომლის გახსნაზე უარის გამოც, ახლა “ამერიკელი ძია სემი“ სჯის პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს და ქვეყანაში გადატრიალებას უგეგმავს. იმავე ინტერვიუში საქართველოდან გაქცეული, რუსეთში დაფუძნებული იგორ გიორგაძე უსამშობლოებს ეძახის უკრაინაში საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ მეომრებს. მოკლედ რომ გითხრათ, გიორგაძის ეს ინტერვიუ პრაქტიკულად სუს-ის განცხადების გზამკვლევი დანართია, რომელიც გვეხმარება რეჟიმის განცხადება ფრაზებს შორის ამოვიკითხოთ. 

მნიშვნელოვანია, ვიკითხოთ ისიც, რატომ შეარჩიეს სამიზნე ჯგუფად კონკრეტულად CANVAS, რომელიც უპირველეს ყოვლისა, არაძალადობრივ პროტესტს უჭერს მხარს. ორგანიზაცია CANVAS სერბი აქტივისტების ჯგუფის Otpor! მიერაა დაფუძნებული, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა მილოშევიჩის რეჟიმის გადაყენებაში. მეორე მხრივ კი, კანვას-საქართველოს ორივე წევრი, გიორგი მელაძე და ნინი გოგიბერიძე 2000-იანი წლების დასაწყისში წარმოქმნილი ახალგაზრდული მოძრაობის, კმარა დამფუძნებელი წევრები არიან. კმარა 2003 წლის ვარდების რევოლუციის და 2004 წლის აჭარის კრიზისის ავანგარდში იყო. სუს-ის განცხადებაში სწორედ ეს მოვლენებია აღნიშნული 2014 წლის უკრაინულ მაიდანთან ერთად. 

გიორგი მელაძე იმ სამ ძირითად მიზეზს გამოყოფს, რის გამოც ის და ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენს, მთავარი სამიზნეები გახდნენ. 

“პირველი, ძალიან აშკარად, ღიად და დაუფარავად ოპოზიციური განწყობის ვარ, ამას არ ვმალავ არსად და ჩემი აზრით, ასეთ ადამიანებს ზოგადად ირჩევენ. მეორე, ისეთ ორგანიზაციაში ვმუშაობ, რომელიც პირადად დაკავშირებულია სამოქალაქო კამპანიებთან, უფლებადაცვით ღონისძიებებთან და მესამე, ამ ორგანიზაციებს საერთაშორისო რეპუტაციაც აქვთ და ეს რაღაცნაირად მათთვის კიდევ ერთი არგუმენტი შეიძლება ყოფილიყო ადგილობრივი მოხმარების შეთქმულის თეორიის შექმნისთვის“. - ამბობს გიორგი მელაძე. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, საგულისხმოა, თუ ვისთან აიდენტიფიცრებს თავს თავად რეჟიმი საკუთარ განცხადებაში - სლობოდან მილოშევიჩთან, ედუარდ შევარდნაძესთან და ვიქტორ იანუკოვიჩთან, რომელთაგან ორს იმის გამო მოუწყვეს გადატრიალება, რომ არჩევნების შედეგის აღიარება არ სურდათ, ხოლო მესამემ კი უკრაინელი ერის გაცხადებულ არჩევანზე თქვა უარი. 

“ამ ბოდვით თეორიაშიც კი, რეჟიმი საკუთარ თავს ხედავს მათ მხარეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს რეჟიმი თავს აიდენტიფიცირებს იმათთან, ვინც ან არჩევნების გზით წასვლაზე ამბობს უარს, ან ღიად მივა იქამდე საქმე, რომ იტყვიან, რომ უნდათ რუსეთი და არა - ევროპა“ - ამბობს ბოკერია. 

სამართლებრივი პროცედურების გარდა, რეჟიმმა CANVAS-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ უკვე ნაცად ხერხს - ძალადობრივი ჯგუფების მობილიზებას და ფსიქოლოგიურ ტერორსაც მიმართა. სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა მუქარის შემცველი მოწოდებები ორგანიზაციის წევრების მიმართ. 

კითხვაზე, რამდენად ღრმად წავა ეს პროცესი, ნინი გოგიბერიძე გვპასუხობს: 

“არ ვიცი, უბრალოდ, წარმოდგენაც არ მაქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა არ იცი, შენი მოწინააღმდეგე რამდენად ბოროტია. პირადად მე და ჩემს ოჯახს ვერ დაგვაშინებენ ასე მარტივად. ჩემი დიდი ბებია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა, ფიზიკურად შეეწირა - თინა ენუქიძე 9 აპრილს რუსებმა მოკლეს. ნამდვილად მინდა, რომ დიდხანს ვიცხოვრო, მაგრამ რას ვიზამ? როცა FSB-ს აგენტურის წინააღმდეგ ხარ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“. 

კმარა

“არ არსებობს დღე, როდესაც კმარა შეიქმნა“

ერთი მხრივ, იმის უკეთ აღსაქმელად, თუ რატომ იქცნენ მთავარ სამიზნეებად კმარას დამფუძნებლები, ხოლო მეორე მხრივ, იმ ათობით მითის გასაქარწყლებლად, რომელიც ამ მოძრაობის ირგვლივ ბოლო 30 წელში შეიქმნა, ვფიქრობ, საჭიროა ეს სტატია კმარას მოკლე ისტორიულ მიმოხილვასაც მიეძღვნას. 

კმარა, როგორც ვარდების რევოლუციის ავანგარდში მყოფი მოძრაობა ხშირად არის გამოყვანილი, როგორც თავისუფლების ინსტიტუტის რადიკალური ფრთა, რომელიც სწორედ რევოლუციისთვის ზემოდან ქვემოთ პრინციპით შეიქმნა. ეს, ალბათ, მეხსიერების წაშლისა და ისტორიის გადაწერის მცდელობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რასაც ხელს უწყობს, თავის მხრივ, ისიც, რომ არ არსებობს ამ მოძრაობის დოკუმენტირებული ისტორია. მოვლენები 2000-იანი წლების საქართველოში ხდება და, როგორც კმარას დამფუძნებლები ამბობენ, მათ არანაირი დაფინანსება არ ჰქონდათ, რაც უფრო მეტად ართულებდა დოკუმენტირებული ისტორიის შექმნასა და შენახვას.

“მაშინდელი კმარას უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის ამოზრდილი იყო თვითონ სტუდენტური აქტიური პროტესტისგან, რომელიც ჯერ უნივერსიტეტში კორუფციას დაუპირსიპირდა და მერე გადაერთო სხვა საკითხებზე. ხომ არის მითი, რომ მათი შექმნა ზემოდან მოხდა. თავისუფლების ინსტიტუტს, რა თქმა უნდა, ჰქონდა გარკვეული როლი მათთან და ძალიანაც ვამაყობ, რომ ამ ახალგაზრდებთან კავშირი მქონდა, მაგრამ მთავარი ფაქტორი იყო, რომ ეს ადამიანები სრულიად თვითნაბადები იყვნენ ამ თავიანთ გზაში, რომელიც გაიარეს იმ წლებში“ - ამბობს გიგა ბოკერია, თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

2001 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიური ჯგუფი უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციას, კერძოდ კი ორგანიზაცია სტუდენტურ კავშირს დაუპირისპირდა. სტუდენტურმა ჯგუფმა კამპანია აწარმოა, რომ ჩამოყალიბებული სტუდენტური თვითმმართველობა, რომლის წევრებსაც სტუდენტები აირჩევდნენ და არ იქნებოდნენ მაღალჩინოსნების, ან მათი ნდობით აღჭურვილი პირების მიერ დანიშნულები. კამპანია წარმატებული გამოდგა. მოგვიანებით იგივე სისტემა სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც დაინერგა. 

“ამ გამარჯვებამ მოგვცა იმის ბიძგი, რომ ჩვენ შეიძლება, ასევე გაგვეაქტიურებინა უფრო ფართო საზოგადოება იმისთვის, რომ ხელი არ ჩაექნიათ და მისულიყვნენ არჩევნებზე და გაეკეთებინათ საპროტესტო არჩევანი“. - ამბობს ნინი გოგიბერიძე. 

ის, რაზეც კმარას წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, არის შემდეგი - კმარა ორგანიზაცია არ ყოფილა, ის მოძრაობა იყო, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული მიზანი, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაეჩინათ იმედის ნაპერწკალი. 

“არ არსებობს დღე, როდესაც კმარა შეიქმნა. არსებობს დღე, როდესაც კმარამ პირველი აქტივობა ჩაატარა და ეს იყო 2003 წლის მარტის ერთ-ერთი საღამო, როდესაც სამი მანქანით მეგობრებმა თბილისის ქუჩები ჩამოვიარეთ და ბევრ ადგილას დავწერეთ კმარა!“. - ამბობს ნინი გოგიბერიძე. 

14 აპრილს კი კმარამ პირველივე საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც მონაწილეები დღემდე აღნიშნავენ, როგორც კმარას პირველად საჯაროდ გამოჩენის თარიღს. 

“მოდიოდა 2003 წლის არჩევნები. ჩვენ სადღაც თებერვალში უკვე შევიკრიბეთ და ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა, აქედან გამოსულიყო და ასეთი რამ მოვიფიქრეთ, რომ ჩვენი კამპანია ძირითადად მიმართული ყოფილიყო იმისკენ, რომ იმ სტაგნაციაში, გაუსაძლის კორუფციაში, ყველა სფეროში უკუსვლაში, იქნებ, გაგვეჩინა რაღაც იმედი, რომ დაცული ყოფილიყო იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც არჩევნებზე მივიდოდნენ. არანაირი ილუზია იმის, რომ შეიძლებოდა მიგვეღო ასეთი მკაფიო ცვლილებები, არ ყოფილა. ერთადერთი, ვფიქრობდით, რომ იქნებ, ცოტა პლურალისტური ყოფილიყო მომდევნო არჩევნები. მიზანი, ძირითადად, იყო გაგვეაქტიურებინა ახალგაზრდები“. 

კმარას ჩამოყალიბების პარალელურად მაშინდელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, იქმნებოდა დოკუმენტი - “10 ნაბიჯი თავისუფლებისკენ“, რაც წარმოადგენდა იმ ხედვას, რომლისთვისაც იბრძოდნენ თავისუფლების ინსტიტუტი და კმარა. ეს იყო ერთგვარი სურვილების სია, თუ, როგორი სახელმწიფოსთვის იბრძოდნენ ეს ორგანიზაციები. 

“ბევრი სიკეთე, რომელიც დღევანდელ საქართველოშიც არსებობს, რეალურად ამ დოკუმენტშიც იყო ასახული. მაგალითად, ნაწილობრივ მაინც დაიწია გადასახადებმა - შემცირდა საგადასახადო ტვირთი, ასევე, გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იქნა მიღებული“. - იხსენებს გოგიბერიძე. 

ღია საზოგადოების ფონდის მიერ დაფინანსებული სტუდენტური სასწავლო ვიზიტის ფარგლებში კმარას წევრები სერბეთსა და სლოვაკეთში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი გაეცნენ ამ ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებების არაძალადობრივ ისტორიას. ასე დაუკავშირდა კმარა Otpor!-ს, რომლებმაც მოძრაობას თავიანთი ლოგოს გამოყენების ნება დართეს. გოგიბერიძის თქმით, ლოგო იმითიც იყო კარგი, რომ მისი დახატვა შედარებით იოლი იყო. 

კმარას არც ფული ჰქონდა და არც არაფერი. მართლა ჩვენი ფულით ვყიდულობდით ყველაფერს - ლილოს ბაზრობაზე დავდიოდით და ვყიდილობდით ფერად ფურცლებს, მაისურებს. მერე ყალიბებს ვჭირიდით ამ მუშტის და პულვერიზატორით ვახატავდით კედლებსა, თუ მაისურებზე“. 

ამავე სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ სერბული ორგანიზაციის, CeSID-ის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ხმებს პარალელურად ითვლიდა. სწორედ ამ მაგალითზე დაყრდნობით შეიქმნა მისი ანალოგი საქართველოში - ISFED, რომელმაც პირველად ჩაატარა ხმების პარალელური დათვლა საქართველოში 2003 წელს. 

მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის წევრების ნაწილი, მათ შორის ნინი გოგიბერიძე, თავისუფლების ინსტიტუტში არ მუშაობდა, ეს ორგანიზაცია მათთვის ბუნებრივი მიზიდულობის ცენტრი და შეხვედრის ადგილი იყო, სადაც აქტიური ახალგაზრდები ყოველ საღამოს თუ არა, ყოველ მომდევნო საღამოს იკრიბებოდნენ. 

სამწუხაროდ, ისტორიის გადაწერის მცდელობის შედეგად, კმარას გაგონებისას ადამიანების უმრავლესობის გონებაში ჩნდება კადრები ასფალტზე გაწოლილი, ან დროშებით მოსიარულე ახალგაზრდების შესახებ. „კმარა სიღარიბე“, „კმარა ასეთი ვარდნა“, „კმარა ასეთი უმუშევრობა“ - ეს კმარას შედარებით ცნობილი გზავნილებია, თუმცა, ამის გარდა, კმარას ჰქონდა არაერთი კამპანია, რომელიც იმ დროისთვის უნიკალური იყო. მაგალითად, ერთ-ერთი იყო ბებიების დახმარებით კარდაკარის კამპანია. როგორც კმარას წევრები იხსენებენ, ადამიანები ახალგაზრდებისთვის კარის გაღებისგან თავს იკავებდნენ, რადგან შეიძლებოდა, დაყაჩაღების მსხვერპლები გამხდარიყვნენ. ამიტომაც, მათ დაგეგმეს კამპანია, რომლის ფარგლებშიც გამოიყენეს საკუთარი ოჯახის ხანშიშესული წევრები და ისინი არიგებდნენ კმარას ფლაერებს, ავრცელებდნენ ინფორმაციას მათ შესახებ. კიდევ ერთი კამპანია იყო, ზაფხულში ელიტურ აგარაკებზე ტყეების დალაგება, რომლის ლოზუნგიც იყო „ნაგავი ჩვენ თვითონ უნდა გავიტანოთ“, რასაც ერთი მხრივ, პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ სურდათ ისეთი საზოგადოება, სადაც ნაგავს ძირს არ ყრიან, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით ნაგავში იგულისხმებოდა მაშინ არსებული რეჟიმი. როგორც გოგიბერიძე იხსენებს, ერთ-ერთი გამოწვევა იყო ის, რომ ახალგაზრდები ქუჩაში არ გადიოდნენ, რის გამოც მათ ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერი კამპანია მოაწყვეს და უბნებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაატარეს. 

კმარა საქართველოსთვის იყო უნიკალური, იმიტომ, რომ საქართველოს მანამდე ასეთი მასობრივი, არაძალადობრივი გაერთიანება არ არსებობდა, რომელმაც დადო შედეგი. ჩემი აზრით, დღემდე რჩება უნიკალურად, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის თანხვედრა, მისწრაფება, გაერთიანება, პოლიტიკური პრობლემის კრიზისის გადასაჭრელად, ჩვენ ჯერ არ გვიჩვენებია. მასობრიობა გვიჩვენებია აქციებზე, მაგრამ ეს არ იყო კმარა, რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური მიზანი, ეს იყო უფრო დეკლარაციული ხასიათის“ - ასე აფასებს კმარას მოღვაწეობას გიორგი მელაძე. 

ნინი გოგიბერიძის შეფასებით კი, კმარას მთავარი მიღწევა და გამარჯვება იყო არა 2003 წლის არჩევნების დაცვა, არამედ 2012 წელს ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილება. 

დაუმთავრებელი რევოლუცია

ვარდების რევოლუცია პოსტსაბჭოთა საქართველოს კორუმპირებული და დისფუნქციური წყობის პირველი არსებითი რყევა იყო. პოსტსაბჭოთა ელიტებისთვის, ის ტრავმული გამოცდილებაა, რადგან ძლიერი საბჭოთა პატრონის დაკარგვის შოკის შემდეგ ნაპოვნ მყიფე სიმეტრიასა და გადარჩენილ პრივილეგიებს დაკარგვის რეალური საფრთხე შეუქმნა.

პოსტსაბჭოთა ელიტებმა 2012 წელს დემოკრატიული გზით იზეიმეს რევანში და ჩამოშლილი სახელმწიფოს ნაცვლად ძალაუფლების მოდერნიზებულ მანქანაზე მოიპოვეს კონტროლი. ეს იყო ვარდების რევოლუციის ყველაზე ხელშესახები შედეგი, რომლითაც ირონიულად, ისევ ამ რევოლუციის მტრებმა ისარგებლეს, სახელმწიფოს მიტაცების შემდეგ.

ვარდების რევოლუცია არ დამთავრებულა, რადგან მან დატოვა საქართველოს მოდერნიზაციისა და დასავლურ დემოკრატიად ქცევის განუხორციელებელი იდეალი მისი მომხრეებისთვის და ღია ტრავმა პოსტსაბჭოთა ელიტებისთვის.

კომენტარები