ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბერბოკი: ორი სახელმწიფოს პრინციპი ისრაელსა და პალესტინას მშვიდობას მოუტანს

ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს, 10 ნოემბერს ისრაელში ჰამასის თავდასხმის შემდეგ მესამედ გაემგზავრება. ბერბოკი ასევე ესტუმრება საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც, რომლებიც ჰამასის მიერ გატაცებული გერმანიის მოქალაქეების უსაფრთხო გათავისუფლების პროცესში მედიატორებად არიან ჩართულები. 

გამგზავრებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპი რეგიონს მშვიდობას მოუტანს.

"მხოლოდ გვერდიგვერდ თანაცხოვრება - ორი სახელმწიფოს პრინციპის დაცვა გახდის შესაძლებელს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ღირსების შენარჩუნებას როგორც ისრაელისთვის, ისე - პალესტინისთვის. არ უნდა დავკარგოთ დიდი სურათის აღქმის უნარი". - თქვა ბერბოკმა გერმანული მედია სააგენტო DPA-ს ცნობით და დასძინა, რომ ტერორისტების მიზანი ისრაელსა და მის არაბ მეზობლებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობის მოსპობაა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ის ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ასევე კონფლიქტის რეგიონში გავრცელებისა და მასში ირანისა და ჰეზბოლას ჩართვის თავიდან აცილების გზებს განიხილავს.

ჰამასი ევროკავშირსა და აშშ-ში ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. რაც შეეხება ჰეზბოლას, მას ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ, გერმანია და რამდენიმე სუნიტური არაბული სახელმწიფო აღიარებს, ხოლო მისი შეიარაღებული ძალები ევროკავშირის მიერ ტერორისტთა სიაშია შეყვანილი.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები