უკრაინა

გამოძიება ზალუჟნის მოადგილის დაღუპვაზე: 4 ვერსიაა, მათ შორის რუსეთის დაკვეთით ლიკვიდაცია

გენადი ჩასტიაკოვი
Befunky

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო (გსბ) ვალერი ზალუჟნის მოადგილის, მაიორი გენადი ჩასტიაკოვის დაღუპვის 4 ვერსიაზე მუშაობს.

პირველი და ძირითადი ვერსიაა – უბედური შემთხვევა, რომელიც გაუფრთხილებლობითა და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფით მოხდა.

მეორე ვერსიად ლიკვიდაცია სახელდება, რომლის უკანაც რუსული სპეცსამსახურები დგას.

გამოძიების მესამე ვერსიაა ჩასტიაკოვის განზრახ მკვლელობა პირადი ურთიერთობის საფუძველზე.

მეოთხე ვერსიად განიხილება, რომ რუსულ სპეცსამსახურებს სხვა სამხედრო მაღალჩინოსნის მოკვლა ჰქონდათ განზრახული.

ცოტა ხნით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ პირველადი ინფორმაციით ხელყუმბარა ხელში თავდაპირველად ჩასტიაკოვის შვილმა აიღო, შემდეგ მამამ ყუმბარა გამოართვა და დამცავი მოხსნა, რასაც ტრაგიკული აფეთქება მოჰყვა.

ასევე ცნობილია, რომ სასაჩუქრე ყუთში შეფუთული 6 ყუმბარა ჩასტიაკოვს თანამშრომელმა აჩუქა. კოლეგის თქმით, მან მაიორი გააფრთხილა, რომ ყუმბარები ნამდვილია.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ასევე ჩასტიაკოვის ნაცნობმა: "მას ოდესის სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, შეუძლებელია ხელყუმბარის ხმარების წესი არ სცოდნოდა".


6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ერთ-ერთი მოადგილე, 39 წლის გენადი ჩასტიაკოვი დაიღუპა. სიკვდილის მიზეზი ხელყუმბარის აფეთქება გახდა.

ჩასტიაკოვი ოჯახთან ერთად საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. სახლში იმყოფებოდნენ ასევე მისი ცოლი, ვაჟიშვილი და ქალიშვილი. მძიმედ არის დაჭრილი ჩასტიაკოვის 13 წლის ვაჟი, მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბინის დათვალიერებისას პოლიციამ ადგილზე კიდევ 5 ხელყუმბარა იპოვა.

მოადგილის დაღუპვას გამოეხმაურა ვალერი ზალუჟნი.

კომენტარები