რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი კონტრშეტევაზე: არის წინსვლა, ვეცდებით, წლის ბოლომდე ვაჩვენოთ შედეგი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან მიცემულ ვირტუალურ ინტერვიუში უკრაინის კონტრშეტევის შესახებ ისაუბრა. 

ზელენსკის თქმით, შენელებული კონტრშეტევის მიუხედავად, უკრაინა მაინც შეეცდება წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას ფრონტის ხაზზე.

"ჩვენ გვაქვს გეგმა. გვაქვს კონკრეტული ქალაქები და კონკრეტული მიმართულებები, საითაც მივიწევთ. არ შემიძლია ყველა დეტალის გაზიარება, თუმცა სამხრეთში ჩვენ ნელი ნაბიჯებით მივიწევით წინ, ჩვენ ასევე გვაქვს წინსვლა აღმოსავლეთით და ზოგიერთი კარგი ნაბიჯი ხერსონის რეგიონის მახლობლად. დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ წარმატებას. შევეცდებით, შედეგები წლის ბოლომდე ვაჩვენოთ. ჩვენთვის, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყოველ დღე ვკარგავთ ადამიანებს". – თქვა ზელენსკიმ.

კითხვაზე, ეშინია თუ კიევს აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის, ზელენსკიმ თავი შეიკავა შეფასებების გაკეთებისგან და უპასუხა, რომ ეს თავიდან ბოლომდე ამერიკელი ხალხის გადასაწყვეტია. თუმცა, მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრის განცხადებები შეშფოთებას იწვევს.

"ზოგიერთი ხმები რესპუბლიკურ პარტიაში ახლა ნამდვილად საშიშია. რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხს ასეთი ხმების ეშინია". – თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა The Economist-თან მიცემულ ინტერვიუში ომის მსვლელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს.

 

 

 

 

 

კომენტარები