რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: ლამაზი გარღვევა არ იქნება, ომი ჩიხში შევიდა

ვალერი ზალუჟნი
Unian

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გამოცემა The Economist-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ომის მსვლელობის შესახებ ილაპარაკა.

გენერალ ზალუჟნის აზრით რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს:

"ღრმა და ლამაზი გარღვევა არ იქნება. ომი ჩიხში შევიდა. ის შეიძლება წლები გაგრძელდეს და უკრაინული სახელმწიფო დაღალოს".

გთავაზობთ მთავარ თემებს, რომელთა შესახებ ზალუჟნიმ გამოცემა The Economis-თან ილაპარაკა.

  • შეცდომა იყო იმის ფიქრი, რომ რუსეთის ჯარი სისხლისგან დაიცლებოდა. "რუსეთს 150 000 სამხედროზე მეტი მოუკვდა. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მსგავსი დანაკარგები ომს შეაჩერებდა". – ამბობს ზალუჟნი. მისი აზრით რუსეთში სიცოცხლე იაფი ღირს, პუტინი კი I და II მსოფლიო ომების მეთოდებს იყენებს.
  • თავდაპირველი გეგმით შეიარაღებული ძალები დღეში 30 კილომეტრით წინ უნდა წაწეულიყვნენ. "4 კვირაში ყირიმამდე უნდა მივსულიყავით, იქ გვეომა და შესაძლოა უკან დაგვეხია".
  • ამის ნაცვლად დასავლური ტექნიკით შეიარაღებული უკრაინული ჯარი გაიჭედა დანაღმულ ველზე, არტილერიისა და უპილოტო აპარატების ცეცხლის ქვეშ. გადაადგილებებმა შეიარაღებულ ძალებში არაფერი შეცვალა.
  • "ფაქტი ის არის, რომ ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს მტერი და მტერი ხედავს ჩვენს ქმედებებს. ამ ჩიხიდან გამოსასვლელად რაღაც ახლის გამოგონება გვჭირდება, იმდენად ახლის, როგორიც თავის დროზე ჩინეთში დენთის გამოგონება იყო". – ამბობს ზალუჟნი.

ცოტა ხნით ადრე იმავე გამოცემასთან ინტერვიუში ზალუჟნიმ თქვა, რომ კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის პოზიციური ომის ახალ ეტაპზე გადადის.

კომენტარები