ტრანსნაციონალური დანაშაული

Procter & Gamble-ს მოტყუებით 333 132 ევრო ჩაარიცხინეს – 3 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, მათ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინეს და ფულის გათეთრების ბრალდებით, 3 ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ამერიკულ კომპანია Procter & Gamble-ს მოტყუებით 333 132 ევრო ჩაარიცხინეს.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კომპანია Procter & Gamble-ს პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით, ელექტრონულ ფოსტაზე ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და შედეგად, დაზარალებულ კომპანიას ჯამში 333 132 ევრო საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აღნიშნული თანხა ფულის გათეთრების მიზნით, საზღვარგარეთ დანაწევრებით გადარიცხეს, რითიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ. უწყების ცნობით, ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საფრანგეთში მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ  დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.

კომენტარები