ისრაელი-ჰეზბოლა

ისრაელი: ბრაზილიაში ადგილობრივ ებრაელებზე ჰეზბოლას დაგეგმილი თავდასხმა აღვკვეთეთ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა მოსადმა ბრაზილიის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად ბრაზილიაში მცხოვრებ ებრაელებზე ლიბანის პროირანული დაჯგუფება ჰეზბოლას მიერ დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 8 ნოემბერს ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა.

ბრაზილიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, სან-პაულოში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დააკავეს. ამასთან, ბრაზილიის პოლიციას განცხადებაში არ უხსენებია ჰეზბოლა, ხოლო თავად დაჯგუფებას ამ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსადმა მადლობა გადაუხადა ბრაზილიის უსაფრთხოების სამსახურებს თავდასხმის აღკვეთაში შეტანილი წვლილისთვის.

"ბრაზილიის უსაფრთხოების სამსახურებმა, მოსადთან და დამატებით სხვა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და აღმასრულებელ სააგენტოებთან ერთად აღკვეთა ტერორისტული თავდასხმა ბრაზილიაში, რომელიც დაგეგმილი იყო ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მიერ და რომელსაც ხელმძღვანელობდა და აფინანსებდა ირანის რეჟიმი". - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ისიც, რომ ტერორისტული თავდასხმა მზადდებოდა "ებრაელებთან და ისრაელთან დაკავშირებულ ობიექტებზე".

ისრაელი ამჟამად ღაზის სექტორში რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ომშია ჩართული. პარალელურად, ისრაელსა და ჰეზბოლას, რომელიც ჰამასს უჭერს მხარს, ერთმანეთის წინააღმდეგ იერიშები მიაქვთ. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები