ანტისემიტიზმი

ლე პენი მხარდამჭერებს: მოგიწოდებთ, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მარშს შემოუერთდეთ

Getty Images

ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი და პარტია National Rally-ს (NR, ყოფილი ნაციონალური ფრონტი) ლიდერი მარინ ლე პენი საკუთარ ამომრჩევლებს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ მარშში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ და სენატმა დემონსტრაციის ჩატარების გადაწყვეტილება, ჰამასის მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდგომ, საფრანგეთში ანტისემიტიზმის ფაქტების გახშირების საპასუხოდ მიიღო.

"მოვუწოდებ ჩვენს წევრებსა და მხარდამჭერებს შემოუერთდნენ მარშს, დროა, ფრანგმა ხალხმა ანტისემიტური ქმედებების მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატოს. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც წარსულში ჩვენს ებრაელ თანამემამულეებს ამგვარი ქმედებების გამკლავება უწევდათ, მთლიანი უბნები დაიცალა იმ იდეოლოგიის დაწინაურების გამო, რომელსაც მე ყოველთვის დიდი ენერგიით ვებრძოდი, ისლამური იდეოლოგიის". – თქვა მარინ ლე პენმა RTL რადიოსთან საუბარში.

ლე პენის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი მისი მამა, ჟან-მარი ლე პენია, რომელიც მისი ანტისემიტური განცხადებების გამო რამდენჯერმე გაასამართლეს. 

პოლიტიკურმა კომენტატორებმა ლე პენის ეს განცხადება გასაოცარ პოლიტიკურ შემობრუნებად შეაფასეს.

კომენტარები