ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: ისრაელი იბრძვის ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ

ბულგარეთისა და ისრაელის პრემიერმინისტრები, ნიკოლაი დენკოვი და ბენიამინ ნეთანიაჰუ
Amos Ben Gershom/GPO

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ იბრძვის მხოლოდ საკუთარ ომში, არამედ იბრძვის ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ბულგარელ კოლეგასთან, ნიკოლაი დენკოვთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენს ომში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიბრძვით ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ. თუ ცივილიზაცია არ გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს ბარბაროსობა. ეს თქვენი ბრძოლაცაა". - თქვა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის შესამცირებლად, ჰამასი კი ყოველმხრივ ცდილობს, რომ მათ ზიანი მიაყენოს. 

"ჩვენ ვებრძვით მტერს, რომელიც არის ყველაზე სასტიკი მტერი, რომელიც გვინახავს ჰოლოკოსტის შემდეგ და რომელიც ჩადის ორმაგ სამხედრო დანაშაულს: არა მხოლოდ სამიზნეში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ განზრახ იყენებს საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას ფარად". - თქვა ნეთანიაჰუმ.

ბულგარეთის პრემიერმა, ნიკოლაი დენკოვმა კი აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.

"თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება, დაიცვათ თავი ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების გაწევა". - თქვა დენკოვმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები