პოლონეთი

ანდჟეი დუდა პოლონეთის პრემიერმინისტრს ორშაბათს დაასახელებს

ანდჟეი დუდა პოლონეთის არმიის დღეზე, 2023 წლის 15 აგვისტო.
prezydent.pl

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ქვეყნის პრემიერმინისტრს ორშაბათს დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის თანაშემწემ გაავრცელა.

"კონსულტაციებისა და ღრმა განხილვების შემდეგ, პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. პირველი ნაბიჯების შესახებ. გადაწყვეტილება საბოლოოა". – წერს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი X-ზე. 

პოლონეთის ოპოზიციური კოალიცია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა მიიღო, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დონალდ ტუსკს უჭერს მხარს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მათ სურთ მთავრობის ფორმირება რაც შეიძლება მალე მოხდეს.

პრეზიდენტი შემდეგ შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც პარლამენტის ქვედა პალატაში, სეიმში, ჯამში, 460-დან 248 ადგილი დაიკავეს და კიდევ უფრო დიდი თანაფარდობით მოიგეს ზედა პალატის, სენატის ადგილები.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 16 ოქტომბერს ჩატარდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე გასულმა მმართველმა პარტიამ კანონი და სამართლიანობა ხმების 35.4% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სამოქალაქო კოალიციამ 30.7%, მესამე ძალამ - 14.4%, ახალმა მემარცხენეებმა - 8.6%ხოლო კონფედერაციამ - 7.2%.

პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კანონი და სამართლიანობა პარლამენტის ქვედა პალატაში 194 მანდატს მიიღებს, სამოქალაქო კოალიცია 157-ს, მესამე გზა 65-ს, ახალი მემარცხენეები 26-ს, კონფედერაცია კი 18-ს.

შედეგები ცხადყოფს, რომ პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად იაროსლავ კაჩინსკის პარტიას სეიმში უმრავლესობის შესაქმნელად მანდატები არც დამოუკიდებლად და არც ულტრამემარჯვენე კონფედერაციასთან კოალიციით არ ეყოფა.

წინასაარჩევნოდ დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიცია, ცენტრისტული მესამე გზა და ახალი მემარცხენეები საჭირო რაოდენობის მანდატების დაგროვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. არჩევნების შედეგად ზემოხსენებულმა გაერთიანებებმა ჯამში 248 მანდატი მოიპოვეს, რაც მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისია.

ამავდროულად, ოპოზიციურმა ძალებმა უმრავლესობის მოპოვება შეძლეს პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატაშიც. სენატში მათ ჯამში 66 მანდატი მოიპოვეს, კაჩინსკის პარტიამ კი - 34.

კომენტარები