რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინული სამხედრო ცერემონია დაბომბა, დაღუპულია ათობით სამხედრო და მშვიდობიანი

128-ე სამხედრო ბრიგადის დაბომბვის ადგილი
Unian

3 ნოემბერს რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთ სოფელზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

სოფელში 128-ე სამთო მოიერიშე ბრიგადას, უკრაინელი არტილერისტის დღესთან დაკავშრებით, დაჯილდოების ცერემონია ჰქონდა გამართული. ჯარისკაცები საზეიმო მოწყობაზე გამოვიდნენ, რამდენიმე მათგანისთვის ორდენები უნდა გადაეცათ. 

რუსეთმა დაჯილდოების ადგილზე ისკანდერის ტიპის რაკეტით მიიტანა იერიში. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გადარჩენილი სამხედროები ამბობენ, რომ ადგილზე "ათობით ოფიცერი და მშვიდობიანი" დაიღუპა.

128-ე ბრიგადაზე მიტანილ იერიშს გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი:

"მომხდარის გარემოებებს გამოვიძიებთ. ჩვენი მტერი მზაკვარი ტერორისტია. აუცილებელია ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი და პასუხი გავცეთ დაღუპულთა ოჯახებს". 

უკრაინული მედიის, სამხედროებისა და პოლიტიკოსების ნაწილი ტრაგედიას 128-ე ბრიგადის ხელმძღვანელობის დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას მიაწერს. მსგავსი შემთხვევა წარსულში ჩერნიგოვშიც მოხდა, როდესაც ადგილობრივ თეატრში დრონების პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, მაშინ დაიღუპა 7 და დაშავდა 156 ადამიანი.

განახლება:

128-ე ბრიგადაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 28 და დაშავდა 53 ადამიანი. ზაპოროჟიეს ოლქში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. 

კომენტარები