საქართველო-აშშ

საქართველომ აშშ-ს $70 მილიონის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული პირი გადასცა

საქართველომ აშშ-ს $70 მილიონის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერი, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი გადასცა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

"ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის შექმნა და მათი ფუნქციონირება უზრუნველყო. თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ძებნილი პირი  აშშ-ში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის და მითითებული პირის ექსტრადიციის თაობაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს". - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები