ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუმ ბლინკენს უთხრა, რომ მძევლების გათავისუფლების გარეშე, ღაზაში ცეცხლს არ შეწყვეტენ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვედრისას უთხრა, რომ მძევლების გათავისუფლების გარეშე ჰამასის წინააღმდეგ ცეცხლის დროებით შეწყვეტას არ დათანხმდება. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ 3 ნოემბერს გავრცელებულ მოკლე სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა.

"ისრაელი უარს ამბობს ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოიცავს მძევლების გათავისუფლებას. ისრაელი არ დაუშვებს ღაზაში საწვავის შეტანას და სექტორში ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება". - თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ის აფასებს პრეზიდენტ ბაიდენისა და აშშ-ს მხარდაჭერას. მანვე დასძინა, რომ  ბლინკენს აჩვენა ჰამასის სისასტიკეების დამადასტურებელი ვიდეოებიც.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში 3 ნოემბერს ჩავიდა და ნეთანიაჰუსთან შეხვედრა გამართა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელში შეხვედრების დროს ბლინკენის მთავარი მიზანი ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზაზე  ისრაელელი ლიდერების დათანხმება იყო. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ მსგავსი პაუზები დროებითი და ლოკალიზებული უნდა იყოს და ამან ისრაელს თავდაცვაში ხელი არ უნდა შეუშალოს.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები