ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

13 ქალი ოპოზიციონერი დეპუტატი ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას სთხოვს

13 ქალი ოპოზიციონერი დეპუტატი ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი განცხადებით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

"მოცემულ ვითარებაში, როდესაც ქართველი ხალხის 90% მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსს და როდესაც საქართველოს არჩევანია ევროპა, ამ მოცემულობაში, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ ერთობლივი მიმართვით გავაძლიეროთ საქართველოს პოზიცია და ჩვენი მოსახლეობის, რათა ქვეყანამ პოლიტიკური გადაწყვეტილების ჭრილში მიიღოს კანდიდატის სტატუსი". - თქვა პარლამენტის წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

ფრაქცია ლელოს პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა ხაზი გაუსვა მათი გზავნილის მნიშვნელობას და თქვა, რომ მთავარია ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესები, სწორედ ამიტომ, ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შანსი, რათა გაგრძელდეს წინსვლა ევროპისკენ. 

"ამ წერილის გარდა, ბრიუსელში მივდივარ ორი მთავარი გზავნილით ჩემი პარტიისგან, ლელოსგან. ერთი ეს არის, რომ არ შესრულდეს რუსეთის დავალება და რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩააგდო ყველა მოთხოვნის შესრულება, მიეცეს შანსი ქართველ ხალხს, გააგრძელოს ევროპისკენ მოძრაობა და დაპირება მიიღოს, კანდიდატის სტატუსის სახით, რომ ის გახდება იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო". - ამბობს სამადაშვილი.

ენმ-ს წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მოაწყო კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი, რის გამოც, ასოცირების ტრიოში მყოფი სხვა ქვეყნების - მოლდოვის და უკრაინის აპლიკაცია იყო წარმატებული, ხოლო საქართველომ წარმატება ვერ მოიპოვა.

"ამ ჯერზე, ჩვენ ვდებთ მაქსიმალურ ძალისხმევას იმაში, რომ საქართველომ მოიპოვოს წარმატება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რომ ქართველი ხალხის ხმა იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე არის რუსული რეჟიმის მავნებლობა, რომელიც ღიად ცდილობს ახლაც გადაწყვეტილების საბოტაჟირებას". - დაამატა ბოკუჩავამ.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ცივილიზაციური და ისტორიული არჩევანია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (90%, საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად) მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ მიაღწიოს დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობას სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში. ისტორიულად, ისევე როგორც თანამედროვე დროს, ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ურყევი ერთგულება ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების.

მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2009 წელს, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში იყო დასტური ევროკავშირში ჩვენი ისტორიული საგარეო კურსის.

2022 წლის ივნისში, მაშინ, როდესაც ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას გადასცა კანდიდატის სტატუსი, საქართველო  დარჩა, გარკვეულწილად, ასოცირებული ტრიოს მიღმა, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გადავადდა, მიუხედავად მრავალი წლის მანძილზე მოწინავე პოზიციებისა.

მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება კვლავ წინაა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან არასაკმარისად რჩება, ჩვენ, პარლამენტის წევრ ქალ დეპუტატებს საპარლამენტო ოპოზიციიდან გვჯერა, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით,  გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე.

იმავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან  დაახლოება და ძირეული რეფორმები, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოების და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აქვე მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილებამ უნდა წარმოადგინოს ნათელი ჩარჩო ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანების გზაზე. ეს წაახალისებს რეფორმების მხარდამჭერ აქტორებს ქვეყნის შიგნით და გაზრდის საქართველოს ევროკავშირში წევრობის ინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობებს.

ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები მადლობას გიხდით ევროკავშირში თქვენი ლიდერობისთვის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების ურყევი მხარდაჭერისთვის ევროპისა და  რეგიონისთვის ამ კრიტიკულ დროს.

გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება ლისაბონიდან თბილისამდე მოიტანს გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ხალხისთვის.

დოკუმენტს ხელს აწერენ: 

  • თეონა აქუბარდია (რეფორმების ჯგუფი)
  • თინა ბოკუჩავა (ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • ანა ბუჩუკური (პოლიტიკური ჯგუფი საქართველოსთვის)
  • თამარ ჩარკვიანი (დამოუკიდებელი დეპუტატი)
  • ნატო ჩხეიძე (პოლიტიკური ჯგუფი თავისუფლება)
  • ხატია დეკანოიძე (ევროოპტიმისტების ჯგუფი)
  • ეკატერინე ხერხეულიძე (ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • თამარ კორძაია (დამოუკიდებელი დეპუტატი)
  • ანა ნაცვლიშვილი (ლელო საქართველოსთვის)
  • სალომე სამადაშვილი (ლელო საქართველოსთვის)
  • ხათუნა სამნიძე (რესპუბლიკური პარტია)
  • ანა წითლიძე (ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • ქეთევან თურაზაშვილი (პოლიტიკური ჯგუფი მოქალაქეები)

კომენტარები