რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვია რუსულნომრიანი ავტომობილების გადაადგილებას აკრძალავს

ლატვია რუსულნომრიანი ავტომობილების გადაადგილებას აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლატვიის სეიმმა "ევროკავშირის სანქციების შესრულებისა და უსაფრთხოების რისკების შემცირების მიზნით" მიიღო.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რუსულნომრიანი ავტომობილების მფლობელებს მანქანების დარეგისტრირების ან ქვეყნიდან გაყვანისთვის ვადა მომდევნო წლის 14 თებერვლამდე ეძლევათ.

ზემოხსენებული ვადის გასვლის შემდეგ რუსულნომრიანი მანქანები მოძრაობის შემთხვევაში ჩამორთმევას დაექვემდებარება, ჩამორთმეული ავტომობილები კი უკრაინას გადაეცემა.

გამონაკლისი გავრცელდება მხოლოდ ლატვიის ტერიტორიაზე ტრანზიტული გზით მოძრავ ავტომობილებზე, თუმცა, ტრანზიტი დაშვებული იქნება მხოლოდ ერთჯერადად და უნდა შესრულდეს 24 საათის განმავლობაში.

12 სექტემბერს ლატვიამ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია გაითვალისწინა და საზღვრებზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალა.

კომენტარები