საპენსიო რეფორმა

არჩევის ვადა 6 სექტემბერს იწურება – რას ნიშნავს საპენსიო დანაზოგის სამი პორტფელი?

საპენსიო რეფორმა

არჩევის ვადა 6 სექტემბერს იწურება – რას ნიშნავს საპენსიო დანაზოგის სამი პორტფელი?

მიმდინარე წლის აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს დანაზოგების დიფერენცირება შეუძლიათ, კერძოდ, მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ, მაღალ, საშუალო თუ დაბალრისკიან პორტფელში მოხდება მათი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება. გადაწყვეტილების მისაღებად მოქალაქეებისთვის მიცემული 30-დღიანი ვადა დაახლოებით 2 კვირაში ამოიწურება. საპენსიო სქემის მონაწილეებს საინვესტიციო პორტფელის სასურველი მოდელის არჩევა საპენსიო სააგენტოს ვებგვერდიდან, საპენსიო სააგენტოს ოფისში ან იუსტიციის სახლში მისვლით შეუძლიათ. 

რა ხდებოდა აქამდე და რა იცვლება? 

2018 წლის 6 აგვისტოს “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებიდან 5 წელი გავიდა. კერძოდ, კანონის მოქმედების სფეროს თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა. სისტემის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეების მიერ დაზოგილი თანხა სპეციალურ საპენსიო ფონდს უნდა განეკარგა, აღნიშნულ ფულზე გარკვეული საპროცენტო განაკვეთი დაერიცხა და მოქალაქეებისთვის ეს თანხა პენსიაზე გასვლის შემდეგ დაებრუნებინა. რეფორმა, არსებითად, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავდა მიზნად.

გარდა ამისა, საპენსიო სქემით გათვალისწინებული იყო, რომ პროცესში ჩართულიყო ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებდა. სისტემის ნაწილობრივ სავალდებულო ხასიათი კი გულისხმობდა იმას, რომ 40 წელზე უფროს მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფლება, აერჩიათ, გაწევრიანდებოდნენ თუ არა სისტემაში. 40 წლამდე ადამიანებს კი დანაზოგის შეტანის ვალდებულება ჰქონდათ. აღნიშნული საპენსიო სქემის ძირითადი აქტორები იყვნენ დასაქმებულები, დამსაქმებლები და სახელმწიფო. კერძოდ, 2%+2%+2% პრინციპის თანახმად, დასაქმებული ფონდში ყოველთვიური ხელფასის 2%-ს რიცხავდა, დამსაქმებელი - დასაქმებულის ხელფასის 2%-ს, ხოლო სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან 2%-ს იღებდა და შემდეგ მას საპენსიო ფონდში რიცხავდა. 

რაც შეეხება ფონდში დარიცხული თანხის ბედს, 2018 წელს მიღებულ კანონპროექტში ვკითხულობთ, “ამ კანონის ამოქმედებიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში”. ეს კი გულისხმობდა იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აქტივები მთავრობის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში, ანუ მთავრობის შიდა ვალში განთავსდებოდა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლის საპენსიო რეფორმის ირიბი ან პირდაპირი შედეგი საპენსიო ფონდის სახით ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროს მოძიება იყო. ზოგადად, საპენსიო ფონდში არსებული თანხის შიდა ვალად აღება პრობლემური იმის გამოცაა, რომ ვალის დასაფარად მთავრობამ გადასახადების ზრდას შეიძლება მიმართოს, კრიზისულ ვითარებაში მიითვისოს ფონდის თანხები, ხოლო სასესხო კაპიტალის შეზღუდულობის პირობებში, მთავრობის მიერ სესხის ზრდა კერძო პირებისთვის სესხის აღების შესაძლებლობის შემცირების ტოლფასია.

"6 აგვისტოდან მოქალაქეებს საკუთარი საპენსიო დანაზოგის ინვესტირებისას პორტფელის არჩევის უფლება ექნებათ"

6 აგვისტოდან საპენსიო აქტივების ინვესტირება სამ განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელშია შესაძლებელი. აქამდე არსებულ მხოლოდ ნაკლებრისკიან პორტფელს ემატება საშუალო და მაღალრისკიანი მოდელები. მოქალაქეები კი, მათ შორის არჩევანის გაკეთების თავისუფლებით სარგებლობენ. გადაწყვეტილების მიღებისთვის კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან საპენსიო სქემაში მონაწილე პირების საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები ავტომატურად გადანაწილდება შემდეგი პრინციპით:

  • 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდება მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში;
  • 40-დან 50 წლამდე ასაკის მქონე  მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდება საშუალორისკიან საინვესტიციო პორტფელში;
  • 50 წელი ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდება ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში.

საპენსიო სააგენტო ასევე დასძენს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი დროს შეუძლიათ, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალონ არჩეული საინვესტიციო პორტფელი/მათი კომბინაცია, თუკი ცვლილებებს შორის პერიოდი არანაკლებ 12 თვე იქნება.

რა არის ნაკლებრისკიანი პორტფელი?

პორტფელის თითოეული მოდელის შემთხვევაში სხვაობა, ძირითადად, აქტივების გადანაწილებას - გრძელ ვადაში განსხვავებულ მომგებიანობასა და რისკიანობას უკავშირდება. ეს კი, თავის მხრივ, უცხოურ აქტივებში ინვესტირების დასაშვები ზღვრის სხვადასხვაობაში ვლინდება. 

“დაბალრისკიანი პორტფელი უფრო მათთვის არის, ვინც ახლო პერიოდში აღწევს საპენსიო ასაკს და სურს, რომ 5-წლიან პერსპექტივაში საპენსიო აქტივობები გაიზარდოს. ხოლო ის, ვინც 15-20 წელი დააგროვებს ამ თანხას, ალბათ მათთვის საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელი უფრო შესაბამისია იქიდან გამომდინარე, რომ გრძელვადიან პერიოდში ასეთი მაღალრისკიანი პორტფელები უფრო მეტი მზარდობით გამოირჩევიან”. - აღნიშნავს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი, ნიკოლოზ გაგუა. 

ნაკლებრისკიანი საინვესტიციო პორტფელი სტაბილური მომგებიანობით ხასიათდება, რის გამოც, მას საქართველოს ეროვნული ბანკი პორტფელის სტაბილურ მოდელსაც კი უწოდებს. ნაკლებრისკიანი პორტფელის შემთხვევაში, ინვესტირება, დიდწილად, საპროცენტო ინსტრუმენტებში, ანუ საბანკო ანაბრებსა და ობლიგაციებში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებრისკიანი პორტფელის პირობებში ინვესტირება შესაძლებელია უცხოურ ვალუტასა და გლობალურ აქციებში, მათი წილი მაინც მცირეა - ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში ამ მიმართულებით ინვესტირების წილი პორტფელის 20%-მდეა შეზღუდული. 

“გასული 5 წლის განმავლობაში აღნიშნული პორტფელის მომგებიანობა შეადგენდა ჯამში 49%-ს, რაც წლიურ 9.3%-ს შეესაბამება. ინფლაციასთან მიმართებით ამ სტაბილურმა (ნაკლებადრისკიანმა) პორტფელმა ჯამში 10.13%-ით მეტი, ხოლო წლიურად საშუალოდ 2.17%-ით მეტი მომგებიანობა აჩვენა”. - აღნიშნავს საპენსიო სააგენტო.

რა არის საშუალორისკიანი პორტფელი?

საშუალორისკიანი პორტფელი, ერთი მხრივ, ნაკლებრისკიანი, ხოლო, მეორე მხრივ, მაღალრისკიანი პორტფელის მოდელების ნაზავს წარმოადგენს, რის გამოც მას შერეულ პორტფელსაც უწოდებენ. ამ ტიპის პორტფელში უცხოური აქტივების წილის ზრდის ზედა ზღვარი 40%-ია (დაბალრისკიანში შესაბამისი ნიშნული 20%-ია, ხოლო მაღალრისკიანში - 60%).

რა არის მაღალრისკიანი პორტფელი?

მაღალრისკიანი პორტფელი გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი და მზარდი მომგებიანობით ხასიათდება, რის გამოც მას ეროვნული ბანკი მზარდ პორტფელსაც უწოდებს. ამ ტიპის პორტფელში შეტანილი დანაზოგების ინვესტირება, მსგავსად ნაკლებრისკიანი პორტფელისა, საპროცენტო ინსტრუმენტებშია (დეპოზიტები, ობლიგაციები) შესაძლებელი. თუმცა, ამ ტიპის ინვესტირება მხოლოდ მცირე წილით დაიშვება - უმეტესწილად, მაღალრისკიან პორტფელში ინვესტირება უცხოურ ვალუტასა და გლობალურ აქციებში ხდება. 

იმის გათვალისწინებით, რომ მაღალრისკიან პორტფელში უცხოური აქტივების წილის ზრდის დასაშვები ზღვარი 60%-ია, ამ მოდელში აქტივების უმეტესი წილის ინვესტირება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, კომპანიის აქციებში ხდება. ამასთანავე, პორტფელის 10%-მდე არსებული თანხის ინვესტირება შესაძლებელი აქტივების ისეთ კლასში, როგორებიცაა საინვესტიციო ფონდები და პირდაპირი სესხები. 

გლობალურ აქციებში ინვესტირების დადებითი და უარყოფითი მხარეები 

გარდა იმისა, რომ გლობალურ აქციებში ინვესტირებას გრძელ ვადაში მაღალი მომგებიანობა ახლავს თან, ერთ-ერთი უპირატესობა პორტფელის დივერსიფიკაციაა. ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივ ვალუტაში მოხდეს ინვესტირება, საზღვარგარეთ არსებულ კომპანიებში ინვესტირებით, ადგილობრივ კონტექსტში არსებული ფასის საერთო დონის, ინფლაციის მერყეობა დაბანდებული თანხის ამონაგების მომგებიანობაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. 

საპენსიო სააგენტოს მტკიცებით, “გლობალურ აქციებში ინვესტირებით ერთდროულად რამდენიმე ათასი კომპანიის წილის მფლობელი ხდებით, რაც პორტფელის დივერსიფიკაციის და რისკების შემცირების საუკეთესო საშუალებაა”.

რაც შეეხება იმ რისკებს, რომელიც გლობალურ აქციებში თანხის ინვესტირებას სდევს თან, მათი ეფექტი განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაშია ხელშესახები. გლობალური აქციების ფასის მერყეობის გამო პორტფელის მაღალრისკიან ტიპს გრძელ ვადაში მაღალ მომგებიანობასთან ერთად თან მაღალი რისკიც ახლავს, განსაკუთრებით საფონდო ბირჟებზე არსებული ეკონომიკური რყევები, გეოპოლიტიკური მოვლენები, ფინანსური კრიზისი თუ პანდემიები. 

“მსოფლიო კრიზისები უახლეს ისტორიაშიც გვქონდა, COVID-19-ის კრიზისი ან 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რა დროსაც მსოფლიო ფინანსურ ბირჟებზე მნიშვნელოვანი რყევები დაფიქსირდა და ბევრმა ინვესტორმა საკმაოდ დიდი ზარალი ნახა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი რყევები როგორც წესი არ ნარჩუნდება და საფონდო ბირჟებიც სტაბილური ზრდის ტრენდს უბრუნდება”. - აღნიშნავენ საპენსიო სააგენტოში.

ტაბულა გთავაზობთ პარტიებთან ინტერვიუს არსებული საპენსიო სქემის პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმების ხედვების შესახებ

კომენტარები