რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად F-16-ები რუმინეთში ორ კვირაში ჩავა – რუტე

რუმინეთის საჰაერო ძალების F-16

F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც ნიდერლანდები უკრაინას გადასცემს, 2 კვირაში რუმინეთის სასწავლო ბაზა უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად ჩავა. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ ისაუბრა

"ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი მფრინავებისთვის სასწავლო კურსები შეიძლება დაიწყოს უახლოეს მომავალში". - წერს რუტე.

მარკ რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ნიდერლანდები კიევის მხარდაჭერას განაგრძობს. მისვე თქმით, ახლო აღმოსავლეთის მოვლენებმა უკრაინასთან მიმართებით დასავლეთის ყურადღება არ უნდა მოადუნოს.

გარდა ნიდერლანდებისა, უკრაინას F-16-ის თვითმფრინავებს ბელგია, დანია და ნორვეგიაც გადასცემენ. კიევი მათ, სავარაუდოდ, მომავალ წელს მიიღებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პილოტების მომზადების შემდეგ ნიდერლანდებისგან კიევი F-16-ის 42 თვითმფრინავს, ხოლო დანიისგან 19-ს მიიღებს. 

უკრაინის სამხედროები იმედოვნებენ, რომ ამ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებას ბრძოლის ველზე 2024 წლის თებერვლისთვის შეძლებენ.

ამასთან, აქამდე ბელგიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2025 წელს უკრაინას გადასცემს F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს.

კომენტარები