ყირიმი

ოკუპანტებმა ზელენსკის ყირიმის ბინა გაყიდეს, შემოსული თანხა ომის მონაწილეებს მოხმარდება

შენობა ყირიმში, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის ბინა მდებარეობს
Ria

ყირიმის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით ვოლოდიმირ ზელენსკის ბინა აუქციონზე 44.3 მილიონ რუბლად($480 000) გაიყიდა. თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარის ვლადიმირ კონსტანტინოვის თქმით გაყიდვიდან შემოსული თანხა "სპეციალურ სამხედრო ოპერაციის" მონაწილეებს მოხმარდება.

"გადავწყვიტეთ, რომ ზელენსკის ბინის გაყიდვიდან შემოსული თანხა ფრონტსა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს მოვახმაროთ". – ამბობს კონსტანტინოვი.

კონსტანტინოვის აზრით ზელენსკის ბინის გაყიდვას სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან "ყირიმელებს არ სურთ მასთან რამე საერთო ჰქონდეთ". 

აუქციონზე უკრაინის პრეზიდენტის ქონების საწყისი ფასი 24.6 მილიონ რუბლს($268 000) შეადგენდა. ბინის ახალი მფლობელი მოსკოველი ბიზნესმენი ოლგა ლიპოვეცკაია გახდა.

"ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, ბინებს ვათვალიერებდით. გვინდა, რომ შვილები სუფთა ჰაერზე გავზარდოთ". – ამბობს ბინის ახალი პატრონი.

ზელენსკის ბინა ყირიმის სამხრეთში, ლივადიას დასახლებაში მდებარეობს. 120 კვადრატული მეტრის ზომის ბინა მეხუთე სართულზე მდებარეობს, აივნიდან კი შავ ზღვაზე ხედი იხსნება.

კომენტარები