ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლავროვი: ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ინდოეთში, ახალ დელიში, G20-ის სამიტზე, 2023 წლის 10 სექტემბერი.
Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი გმობს ტერორიზმს, თუმცა ასევე ეწინააღმდეგება ღაზის დაბომბვას და ამას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს. ამის შესახებ ლავროვმა ისაუბრა ბელარუსულ სახელმწიფო სააგენტო Belta-სთან ინტერვიუში, რომელიც 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ვგმობთ ტერორიზმს, კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რომ პასუხის გაცემა ტერორიზმზე შესაძლებელია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, მათ შორის ძალის განურჩევლად გამოყენებით ობიექტებზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის მძევლების ყოფნის შესახებაა ცნობილი". - თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ჰამასის განადგურება, ისე, რომ არ განადგურდეს ღაზა თავისი მშვიდობიანი მოსახლეობით.

"თუ ღაზა განადგურდება და 2 მილიონი მოსახლე განიდევნება, როგორც ამას ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსი გვთავაზობს, ეს გამოიწვევს ათწლოვან, თუ არა საუკუნოვან კატასტროფას". - თქვა ლავროვი.

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის დელეგაცია ჩავიდა. ისრაელმა აღნიშნული ტერორიზმის მხარდაჭერად და "უხამს" ნაბიჯად შეაფასა.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები