ბიძინა ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა, მადლობა გადაუხადა ივანიშვილს და აღნიშნა, რომ სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო ზრუნვა პარასპორტის განვითარებაზე.
კობახიძემ სტატისტიკაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, "2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში", ხოლო დღეს "არის 300-ზე მეტი სპორტსმენი 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს."
"ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას, პარასპორტსმენებს.
[...] მე მინდა, მადლობა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ფილმის ავტორებს - ბაჩო ოდიშარიას, არაჩვეულებრივი ფილმისთვის, გიორგი გრძელიშვილს, ფილმის პროდიუსერს და მთლიანად გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ ფილმზე.
მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ფონდ ქართუს, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არამარტო ამ ფილმის მხარდაჭერისთვის, ფილმშიც იყო აღნიშნული, რომ სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებაზე, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე და ეს ფილმიც ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მადლობა ფონდ ქართუს." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ფილმის განუსაზღვრელი შესაძლებლობების პრეზენტაციაზე.




