ევროკავშირი-უნგრეთი

კალასი: უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადავჭრათ

Ints Kalnins/Reuters

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის თქმით, უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება. ამის შესახებ კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის წინ ისაუბრა.

"ეს [უნგრეთი] ხდება პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ უნგრეთთან მიმართებით ეს სულ უფრო რთულდება". - თქვა კალასმა.

ესტონეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირს არ აქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რათა დაუპირისპირდეს იმას, რასაც უნგრეთი აკეთებს. ამავდროულად, კალასის თქმით, ის გაკვირვებულია, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის საწინააღმდეგო ხედვებს ინარჩუნებს, განსაკუთრებით მაღალი ინფლაციის ფონზე.

"უნგრეთს სჭირდება ევროკავშირი". - დაამატა კალასმა.

25 ოქტომბერს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ უნრეთს ევროკავშირის წევრობა არავინ ავალდებულებს.

23 ოქტომბერს კი უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციის ორმოც წელს შეადარა და აღნიშნა, რომ ლიბერალიზმის თავს მოხვევით ბრიუსელი უნგრეთისთვის იდენტობის წართმევას ცდილობს.

კომენტარები