ევროკავშირი-უნგრეთი

ბორელი ორბანს: უნგრეთს არავინ ავალდებულებს, რომ ევროკავშირის წევრი იყოს

EPA

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, უნგრეთს არავინ ავალდებულებს, რომ ევროკავშირის წევრი იყოს. ამ სიტყვებით ბორელმა უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს უპასუხა, რომელმაც ევროკავშირის წევრობა საბჭოთა ოკუპაციის ორმოც წელს შეადარა.

"უნგრეთმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ბევრი რამ იცის. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი ქუჩებში რუსული ტანკებით. მან უნდა იცოდეს რას ლაპარაკობს. უნგრეთს არავინ ავალდებულებს, რომ ევროკავშირის წევრი იყოს". - თქვა ბორელმა.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 23 ოქტომბერს, 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციის ორმოც წელს შეადარა და აღნიშნა, რომ ლიბერალიზმის თავს მოხვევით ბრიუსელი უნგრეთისთვის იდენტობის წართმევას ცდილობს.

"ჩვენ იძულებული ვიყავით გვეცეკვა იმ მუსიკაზე, რომელსაც მოსკოვი უკრავდა. ბრიუსელიც უკრავს, მაგრამ ჩვენ ვცეკვავთ ისე, როგორც გვინდა და თუ არ გვექნება ამის სურვილი, მაშინ არ ვიცეკვებთ". - თქვა ორბანმა.

კომენტარები