მდინარაძის განცხადება

მდინარაძე: ოჩამჩირის ბაზის თემა და მლეთასთან ოკუპანტების გადაადგილება თითქოს ახლა გაიგეს

მამუკა მდინარაძე

"ოჩამჩირის ბაზის თემა თითქოს დღეს გაიგეს, სადღაც მლეთასთან გადაადგილება ზემოთ, თითქოს, დღეს გაიგეს პირველად" - ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, მედიის და ოპოზიციის ნაწილი "ძველ ამბავს" ახლად ასაღებს. 

"[საოკუპაციო ძალები] ყველგან ჩანდნენ, სამწუხაროდ 2008 წლის შემდგომ. ისე აწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თითქოს აქამდე არ ჩანდნენ და გუშინ გამოჩნდნენ, შემოიჭრნენ და არავინ არ დახვდათ. არაფერი არ ხდება ახალი, სამწუხარო ხდება, ოღონდ ძველი...

...ოჩამჩირის ბაზის თემა, თითქოს, დღეს გაიგეს 2009-2011 წლებში ინტენსიური სამუშაოები რომ მიდიოდა იქ და ხმა არ ამოუღია არც ერთ ნაცს. სადღაც მლეთასთან გადაადგილება ზემოთ, თითქოს, დღეს გაიგეს პირველად, როცა პერმანენტულად ხდება ეს მავნებლობა მათი მხრიდან, უბრალოდ, მეორე, შიდა მავნებლობა იცით რა არის? - როცა, როგორც ახალ ამბავს, ისე აწვდიან საზოგადოებას. სამწუხაროდ ისე ეწოდება თქვენი ტელევიზიების მხრიდანაც ასეთი ვითომ ახალი ამბები, რომლებიც არის სინამდვილეში ძველი მავნებლობა. მათ ოკუპაციის მავნებლობას ნუ დაუმატებთ საინფორმაციო მავნებლობას" - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ 25 ოქტომბერს ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც, მისი თქმით, მლეთაში, ლომისას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების გადაადგილებაა ასახული. 

ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.

ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.

კომენტარები