რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მელონი: ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა უკრაინის მხარდაჭერის შემცირებით

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯა მელონის თქმით, ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას შეცდომა უკრაინის მხარდაჭერის შემცირებით. ამის შესახებ მან იტალიის სენატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა

"მსოფლიო, სადაც აღარ არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება, ყველასთვის საფრთხის შემცველია, მათ შორის, ჩვენთვის და არამხოლოდ იმათთვის, ვინც კონფლიქტში ჩართულია. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთს ჰამასის თავდასხმები არ დაუგმია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა უკრაინის მხარდაჭერის შემცირებით. იტალია ფიქრობს არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ მშვიდობიან მომავალზე, უკრაინის ევროპულ მომავალზე". - თქვა მელონიმ.

იტალიის პრემირმინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე ის კიდევ ერთხელ აპირებს გამოუცხადოს მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს.

"ევროკავშირმა ძლიერი და გადაუდებელი პასუხები უნდა გასცეს იმ სირთულეებს, რომლებიც გამოწვევების წინაშე აყენებს [ევროკავშირს] როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. ეს არ იქნება საბჭოს რუტინული სხდომა". - თქვა მელონიმ.

ოქტომბრის დასაწყისში იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მერვე პაკეტის მზადებაზე ისაურბა. მელონიმ კი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, სამომავლო დახმარების პაკეტებთან ერთად უსაფრთხოების გარანტიებზე ორმხრივი შეთანხმება განიხილა.

კომენტარები