ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰერცოგი: ისრაელი მზად არის, გაანადგუროს ქვეყნის მტრები, ირანი ლიბანში ცეცხლს ეთამაშება

ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის თქმით, ისრაელი მზად არის გაანადგუროს ქვეყნის მტრები. ამის შესახებ ჰერცოგმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ისაუბრა, რომელიც ისრაელში 1-დღიანი ვიზიტით იმყოფება.

ამავდროულად, ჰერცოგის თქმით, ისრაელი მძევლების დაუყოვნებლივ და სრულად გათავისუფლებას ითხოვს. მძევლებზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს განსხვავება ისრაელის მოქალაქეებსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის.

გარდა ამისა, ისრაელის პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ირანი ლიბანში "ცეცხლს ეთამაშება".

"მსურს განვმარტო: ჩვენ არ ვეძებთ დაპირისპირებას ჩრდილოეთ საზღვარზე ან ვინმესთან. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და ჩვენი მოქალაქეების სახლში დაბრუნებაზე, მაგრამ თუ ჰეზბოლა ამ ყველაფერში ჩაგვითრევს, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ლიბანი ფასს გადაიხდის. თქვენ მსგავსად, ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ანტისემიტიზმის უდიდეს ზრდასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, ასევე თქვენს ქვეყანაში. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს მძლავრი ზომები, რათა დაიცვას ებრაელი მოქალაქეები მთელ მსოფლიოში". - თქვა ჰერცოგმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები