ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის მიერ გათავისუფლებული მძევლები 79 წლის ნურითი და 85 წლის იოხევედი არიან – მედია

ნურით კუპერი/იოხევედ ლიფშიცი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰამასის მიერ გათავისუფლებული მძევლები 79 წლის ნურით კუპერი და 85 წლის იოხევედ ლიფშიცი არიან. ოჯახებს მათი გათავისუფლების შესახებ უკვე შეატყობინეს.

ცნობას გამოეხმაურა იოხევედ ლიფშიცის შვილიშვილი, დენიელ ლიფშიცი, რომელმაც თქვა, რომ 85 წლის ქალი უკვე ეგვიპტეშია და ოჯახი მასთან შეხვედრას ელოდება.

"უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ კარგადაა, რომ ის ჯანმრთელია და ველოდებით მის ნახვას". - თქვა მან და დანარჩენი ტყვეების გათავისუფლების იმედი გამოთქვა.

ნურითი და იოხევედი ჰამასის ტერორისტებმა კიბუც ნირ ოზიდან გაიტაცეს. მათი ქმრები ღაზაში რჩებიან.

აქამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამასმა ორი ტყვე გაათავისუფლა, თუმცა მათი ვინაობა ცნობილი არ იყო. მძევლების გათავისუფლება დაადასტურა ტერორისტული დაჯგუფების სპიკერმა, აბუ ობაიდამ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც (ICRC).

ჰამასმა ორი მძევალი 20 ოქტომბერსაც გაათავისუფლა. აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეობის მქონე დედა-შვილი ტერორისტებმა 7 ოქტომბერს გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს.

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, ისრაელის სამხედროები ჯუდით და ნატალი რაანანს ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვართან დახვდნენ, რის შემდეგაც ისინი ოჯახის წევრებთან შესახვედრად სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

დღეს, 24 ოქტომბერს სხვადასხვა მედიაში მძევლების უფრო დიდი რაოდენობის სავარაუდო გათავისუფლების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. I24-მა ღაზაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატარის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპს უახლოვდებოდა და წითელი ჯვარი ორმაგი მოქალაქეობის მქონე მძევალთა 50-კაციანი ჯგუფის მიღებისთვის ემზადებოდა.

გარდა ამისა, The New York Times-ი ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებულ შტატებსა და კატარს შორის გამართული საუბრების საფუძველზე, ჰამასს, შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე დაახლოებით 50 მძევალი გაეთავისუფლებინა.

გამოცემა ასევე წერდა, რომ აშშ-მ ისრაელს ღაზაში სახმელეთო ოპერაციის წამოწყების გადადება ურჩია, რათა ვაშინგტონს მეტი დრო მიეცეს რეგიონში პარტნიორებთან სამუშაოდ და ჰამასის ტყვეობიდან უფრო მეტი ადამიანის დასახსნელად. იმავე ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს Associated Press-იც.

როგორც the Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ჰამასი, კატარი, ეგვიპტე და ისრაელი ბოლო დღეების განმავლობაში ტყვეთა დიდი ჯგუფის გათავისუფლებაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. თუმცა, გამოცემის ცნობით, შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის, რადგან ჰამასმა მოითხოვა ღაზაში საწვავის მიწოდება, რასაც ისრაელი ეწინააღმდეგება.

როგორც WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ისრაელი მხოლოდ მას შემდეგ აპირებს ღაზაში საწვავის შეშვებას, რაც ჰამასის ყველა ტყვე გათავისუფლდება.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები