ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

CNN: ჰამასმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობის კედელზე ჰამასის მძევლების პოსტერებია გაკრული, თელ-ავივი, 2023 წლის 14 ოქტომბერი
Avshalom Sassoni/FLASH90

CNN ისრაელის ოფიციალურ პირებსა და ორ სხვა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კატარისა და ეგვიპტის შუამავლობის შედეგად, ჰამასმა კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა.

CNN-ის ცნობით გათავისუფლებული მძევლები ისრაელის მოქალაქეები არიან, ორივე მათგანი ქალია და ისინი წითელ ჯვარს გადასცეს, თუმცა ჯერ-ჯერობით, ისრაელის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

მძევლების გათავისუფლების ფაქტს ჰამასის სპიკერი, აბუ ობაიდაც ადასტურებს .

"[ჩვენ] გავათავისუფლეთ ორი მძევალი [...] იმის გათვალისწინებით, რომ მტერმა უარი თქვა გასულ პარასკევს მათ მიღებაზე, ჩვენ გადავწყვიტეთ მათი გათავისუფლება იძულებითი ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მიზეზების გამო". - თქვა აბუ ობაიდამ. 

მათი ჩართულობით კიდევ ორი მძევლის გათავისუფლება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც (ICRC) დაადასტურა.

"ჩვენ ხელი შევუწყვეთ კიდევ 2 მძევლის გათავისუფლებას, მათ ამ საღამოს გავიყვანთ ღაზის ზონიდან. ჩვენი, როგორც ნეიტრალური შუამავლის როლი შესაძლებელს ხდის ამ საქმეს და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მომავალში ნებისმიერ გათავისუფლებას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მალე დაუბრუნდებიან საყვარელ ადამიანებს". - წერია ICRC-ის X-ის ანგარიშზე.

აღსანიშნავია, რომ CNN დაუკავშირდა ისრაელის სამხედრო ძალებს, თუმცა მათ უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე. ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისში ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ აქვთ.

აქამდე სხვადასხვა მედიაში მძევლების უფრო დიდი რადენობის სავარაუდო გათავისუფლების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. I24 ღაზაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატარის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპს უახლოვდებოდა და წითელი ჯვარი ორმაგი მოქალაქეობის მქონე მძევალთა 50-კაციანი ჯგუფის მიღებისთვის ემზადებოდა.

გარდა ამისა, The New York Times-ი ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებულ შტატებსა და კატარს შორის გამართული საუბრების საფუძველზე, ჰამასს, შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე დაახლოებით 50 მძევალი გაეთავისუფლებინა.

გამოცემა ასევე წერდა, რომ აშშ-მ ისრაელს ღაზაში სახმელეთო ოპერაციის წამოწყების გადადება ურჩია, რათა ვაშინგტონს მეტი დრო მიეცეს რეგიონში პარტნიორებთან სამუშაოდ და ჰამასის ტყვეობიდან უფრო მეტი ადამიანის დასახსნელად. იმავე ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს Associated Press-იც.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები