ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

"აღარასოდეს" – ოლაფ შოლცი გერმანიაში ანტისემიტიზმის ტალღის ზრდას გმობს

ოლაფ შოლცი დესაუში ახალაშენებულ სინაგოგაში, 2023 წლის 22 ოქტომბერი.
Hendrik Schmidt/Pool Photo

ისრაელისა და ჰამასის ომის ფონზე, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიაში ანტისემიტიზმის შემთხვევების ზრდა მკაცრად დაგმო. მან აღნიშნა, რომ მიუღებელია მსგავსი სიძულვილის გავრცელება ქვეყანაში, რომელმაც წარსულში ჰოლოკოსტი ჩაიდინა.

პარალელურად ბერლინში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა ანტისემიტიზმის საპირისპირო პოზიცია დაეფიქსირებინათ. ხალხი აფრიალებდა ისრაელის დროშებსა და ეჭირათ ჰამასის მიერ დატყვევებული ადამიანების ფოტოები. ორგანიზატორების ვარაუდით, აქციაში მონაწილოება 20 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ხოლო პოლიციის შეფასებით, 10 000-მა.

ოლაფ შოლცი დებს პირობას, რომ გერმანიაში ანტისემიტიზმის ადგილი "აღარასოდეს" იქნება.

"ძალიან მაბრაზებს საბედისწერო 7 ოქტომბრის შემდეგ როგორ ამოიფრქვა ანტისემიტური სიძულვილი და არაადამიანური აგიტაცია ინტერნეტში, სოციალურ მედიაში მთელ მსოფლიოში და სამარცხვინოდ, გერმანიაშიც... სწორედ ამიტომ, ჩვენი "აღარასოდეს" არ უნდა გატყდეს". – თქვა ოლაფ შოლცმა დასაუში მდებარე სინაგოგაში სიტყვით გამოსვლის დროს. 

ბრანდენბურგის კარიბჭის წინ სიტყვით გამოვიდა გერმანიის პრეზიდენტიც, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.

"აუტანელია, რომ ჩვენი ქვეყნის ყოველ კუთხე-კუნჭულში ებრაელები კვლავ შიშში ცხოვრობენ. ყოველი თავდასხმა ებრაელებზე, ებრაულ ინსტიტუტებზე არის გერმანიის შეურაცხყოფა. ყოველი თავდასხმა სირცხვილითა და ბრაზით მავსებს". – თქვა პრეზიდენტმა შტაინმაიერმა და დაამატა, რომ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გერმანიაში "სამოქალაქო ვალდებულებაა".

კომენტარები