დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

ჯორჯიის შტატში ტრამპის მხარდამჭერები ნაფიც მსაჯულებს ონლაინ მუქარით დაუპირისპირდნენ

აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ოფიციალური პირები იმ ნაფიც მსაჯულთა მიმართ განხორციელებულ ონლაინ მუქარის საკითხს განიხილავენ, რომლებმაც 14 აგვისტოს დონალდ ტრამპს ბრალი წარუდგინეს.

პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა მისამართები და ფოტოები, სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ნაფიც მსაჯულთა სახელები თავდაპირველად საბრალდებო დასკვნაში გამოქვეყნდა, რაც ჯორჯიის შტატში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ დოკუმენტში მათი ვინაობის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის მხარდამჭერებმა, როგორც ჩანს, შეაგროვეს დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტში და გამოაქვეყნეს ფოტოები და მისამართები სხვადასხვა ფორუმზე, მათ შორის სოციალური ქსელ Telegram-ზე.

აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნაფიც მსაჯულებმა ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილ 13 ბრალდებას მხარი დაუჭირეს, მათ შორის რეკეტს და არჩევნებში ჩარევას. ტრამპის მხარდამჭერთა თქმით, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ჩვენი გამომძიებლები ფედერალურ ორგანოებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა თვალყური ადევნონ ფულტონში არსებულ საფრთხეებს და დაიცვან ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოება" - ამბობენ ფულტონის ოლქის ოფისის წარმომადგენლები.


ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის პროკურორმა დონალდ ტრამპს და მის 18 მოკავშირეს  2020 წელს ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინეს. ბრალდებულებს შორისაა ტრამპის თეთრი სახლის ყოფილი შტაბის უფროსი, მარკ მიდოუსი და ყოფილი ადვოკატები რუდი ჯულიანი და ჯონ ისტმანი.

კომენტარები