ყაზახეთი

ომში გამოყენებადი საქონლის ყაზახეთიდან რუსეთში ექსპორტი აიკრძალა – მედია

საილუსტრაციო ფოტო
Reuters

ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის 106 სხვადასხვა სახეობის საქონლის მიწოდება აკრძალა. სიაში შედის პროდუქტები, რომელთა გამოყენება სამხედრო მიზნებითაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრის მოადგილეზე, კაირატ ტორებაევზე დაყრდნობით ავრცელებს

"რუსეთში ყველა საქონელი გაგვაქვს ექსპორტზე, გარდა ომთან დაკავშირებული საქონლისა. ეს არის 106 სახეობის საქონელი - ჩვენ მთლიანად ავკრძალეთ მათი ექსპორტი". - თქვა ტორებაევმა.

ამავე ინფორმაციით, ყაზახეთიდან რუსეთში აკრძალულ საქონელს შორისაა დრონები, ჩიპები და ომში გამოყენებადი სხვა ელექტრონიკა.

მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლით ომში გამოყენებისთვის ყაზახეთის კომპანიებისგან ჩიპებსა და დრონებს იღებდა. 

ყაზახეთის ხელისუფლების მტკიცებით, 2022 წლის მაისიდან რუსეთში სამხედრო საქონლის მიწოდება სრულად აკრძალეს, ხოლო ორმაგი დანიშნულების მქონე საქონლისთვის სპეციალური სერტიფიცირება და საექსპორტო ნებართვები შემოიღეს.

ამავდროულად, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კერძო ფირმებს შეუძლიათ აკრძალული საქონლის რეექსპორტი.

კომენტარები