ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სუნაკი ნეთანიაჰუს: გვინდა, რომ ისრაელმა გაიმარჯვოს

რიში სუნაკისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა

19 ოქტომბერს ისრაელში გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ რიში სუნაკსა და მის ისრაელელ კოლეგა ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც სუნაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჰამასის წინააღმდეგ ომში ბრიტანეთის ისრაელისადმი მხარდაჭერა.

“თქვენ ამას ისრაელის ყველაზე ბნელი დრო დაარქვით, მე კი ვამაყობ, რომ ამ ყველაზე ბნელ დროში, როგორც მეგობარი, თქვენთან ერთად ვდგავარ. ჩვენ აქ სოლიდარობით ვდგავართ, თქვენს ხალხთან ერთად ვიქნებით და გვინდა, რომ ისრაელმა გაიმარჯვოს”. - თქვა რიში სუნაკმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე რიში სუნაკმა ხაზი გაუსვა ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების აუცილებლობას. ასევე მან ნეთანიაჰუს მადლობა გადაუხადა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის საკითხის მოგვარებაში მისი წვლილისთვის, რასაც დაამატა, რომ “ჰამასს პალესტინელების სიცოცხლე არ აინტერესებს”.

ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერს ისრაელის მიმართ სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დასავლელი მოკავშირეების “ისრაელთან გვერდში დგომაზე მნიშვნელოვანი მათი ისრაელში დგომაა.”

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მიმდინარე ომი მეორე მსოფლიო ომში გაერთიანებული სამეფოს პოზიციას შეადარა, როდესაც თავისუფალი სამყაროს დახმარებით ბრიტანეთმა ნაცისტური საფრთხე მოიგერია. ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასთან ომი ისრაელის “ყველაზე ბნელი დროა”.

კომენტარები