ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რას ეუბნება ისრაელის ელჩი მათ, ვისაც სჯერა, რომ ღაზის საავადმყოფო ისრაელმა დაბომბა

ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარის გასაკეთებლად ტაბულა დაუკავშირდა ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს.

გასულ დღეს ღაზის სექტორში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქება მოხდა. ჰამასი ირწმუნებოდა, რომ შედეგად 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რაკეტის სროლას ისრაელს აბრალებდნენ. ცნობა უარყვეს ისრაელის თავდაცვის ძალებში და განაცხადეს, რომ აფეთქება მეორე ტერორისტული ჯგუფის, ისლამური ჯიჰადის მიერ ნასროლმა გაუმართავმა რაკეტამ გამოიწვია.

ისრაელის ელჩმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ისრაელმა გამოაქვეყნა ცხადი სამხილები, რომლებითაც დასტურდება, რომ აფეთქება ისლამური ჯიჰადის რაკეტის ჩამოვარდნას მოჰყვა.

"გასულ ღამეს ღაზაში ტრაგედია მოხდა, როდესაც საავადმყოფოს დაეცა რაკეტა რომელიც გაუშვა პალესტინურმა ისლამურმა ჯიჰადმა - ღაზაში მოქმედმა მეორე უდიდესმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომლის მიზანიც ისრაელელების დახოცვაა. გაშვება წარუმატებელი იყო, რაკეტა ჩამოვარდა და დაეცა პალესტინურ საავადმყოფოს, რამაც დააშავა და მოკლა ათეულობით ადამიანი. მსოფლიოს გავუზიარეთ ძალიან ცხადი ჩანაწერები, რომელთაგან ზოგიერთი გადაღებულია Al-Jazeera-ს მიერ - ვერ ვიტყვით, რომ Al-Jazeera ისრაელს უჭერს მხარს. ნათლად ჩანს ვიდეოში, როგორ ხდება [რაკეტების] გაშვება ღაზაში, საავადმყოფოს მახლობლად და შემდეგ როგორ ფეთქდება საავადმყოფო. გამოვაქვეყნეთ ჰამასის ტერორისტების სატელეფონო ჩანაწერიც, რომელშიც აღიარებენ, რომ ეს მათი ქმედება იყო". – თქვა ისრაელის ელჩმა.

ჰადას მეიცადმა ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ ისრაელს სამხილების მოსაძიებლად დრო დასჭირდა, რადგან საჭირო იყო სიტუაციის დეტალური გამოძიება.

"დიახ, რამდენიმე საათი დასჭირდა ამ სამხილების მოძიებას, თუმცა იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გაგვეგო სიტუაცია და გამოგვეძია, რადგან ესაა, რასაც ქვეყნები აკეთებენ. ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო მტკიცებულება, რომ ჰამასი და ისლამური ჯიჰადი ჩემი ხალხის დასახოცად უკან არაფერზე დაიხევენ და მზად არიან საკუთარი ხალხი ცოცხალ ფარებად გამოიყენონ". – აღნიშნა დიპლომატმა.

მეიცადის თქმით, რთულია კომუნიკაცია ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც ISIS-ის მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სჯერათ.

"რთული გასაგებია, მას შემდეგ, რაც ძალიან ცხადი მტკიცებულებები გავავრცელეთ, ზოგიერთი ამჯობინებს დაუჯეროს ჰამასს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციაა. როგორ შეუძლია მას, ვინც ნახა 7 ოქტომბრის სისასტიკე, რაც ისრაელში მოხდა: მოკლული ბავშვები, გამომწვარი ოჯახები, კვლავ დაუჯეროს ჰამასს, ტერორისტულ ორგანიზაციას. წლების წინ სჯეროდა ამავე ხალხს ISIS-ის? ისიც კი რთული გასაგებია, როგორ უნდა გქონდეს კომუნიკაცია ხალხთან, რომლებსაც სჯერათ ტერორისტული ორგანიზაციის და არა ქვეყნის, რომელიც იძიებს სამხილებს". – თქვა ისრაელის ელჩმა.

როგორც მეიცადმა აღნიშნა, შეიძლება ზოგიერთ ადამიანს ისრაელის პოლიტიკა არ მოსწონდეს, თუმცა მის გაკრიტიკებასა და ჰამასის მხარდაჭერას შორის საზღვარი არ უნდა ქრებოდეს.

"შეიძლება გააკრიტიკო ისრაელის პოლიტიკა, ეს დასაშვებია, მაგრამ დიდი სხვაობაა ისრაელის პოლიტიკის კრიტიკასა და ჰამასის მხარდაჭერაში. რაღაც მიზეზით დაბნეული ხარ დამახინჯებული რომანტიზებით, რომ ჰამასი სუსტი მხარეა და მხარი უნდა დაუჭირო. ჰამასი ISIS-ის მსგავსი დაუნდობელი, პირსისხლიანი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ხოცავს ბავშვებს, იტაცებს ჩვილებს, აუპატიურებს გოგოებს და ჟლეტს ხალხს. ამ ყველაფრის შემდეგ, თუ ხალხი ირჩევს დაუჯეროს ISIS-ს, ეჭვი მეპარება რომ მათ ჩემი სიტყვები გადაარწმუნებთ". – აღნიშნა ელჩმა. 

ელჩმა ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ ჰამასმა საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებიდან მცირე ხნის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო იერიშის ისრაელისთვის დაბრალება.

"საავადმყოფოში აფეთქება ისრაელის დროით დაახლოებით 7 საათზე მოხდა. აქედან 5 წუთში ჰამასი უკვე ირწმუნებოდა [რომ იერიში ისრაელმა მიიტანა] და ავრცელებდა ჩანაწერებს, რომელთაგან ბევრი, სხვათა შორის, სხვადასხვა ქვეყნებისა და ადგილების ჩანაწერებია. ჰამასმა დაუყოვნებლივ დაიწყო ყვირილი, რომ ისრაელმა საავადმყოფო მიზანში ამოიღო. ისრაელი არ უმიზნებს სამოქალაქო სამიზნეებს - ისრაელი მიზანში იღებს მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს. ჩვენ რამდენიმე საათი დაგვჭირდა, რადგან გვსურდა სრულად გავრკვეულიყავით ვითარებაში. ეს ფაქტი უნდა მიუთითებდეს რა განსხვავებაა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც რადიკალური ფუნდამენტალისტური იდეოლოგიისთვის საკუთარ ხალხს წირავს და იმ ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანას შორის, რომელიც იღებს ყველანაირ ზომას უდანაშაულო ხალხის დაშავების თავიდან ასაცილებლად". – თქვა მეიცადმა.

ამას გარდა, ისრაელის ელჩმა აღნიშნა, რომ პალესტინური ჯგუფების მიერ ბოლო დღეებში ნასროლი 7 000-ზე მეტი რაკეტიდან 800-მდე საბრძოლო მასალა ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

"ამ განხილვას სტატისტიკას დავუმატებ. ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა ამ ომის დაწყების შემდეგ 7 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ამ 7 000 რაკეტიდან დაახლოებით 800 ღაზის სექტორში ჩამოვარდა. წარმოიდგინეთ ზიანი, რომელსაც 800 რაკეტის ჩამოვარდნა გამოიწვევდა. კიდევ ერთხელ, ყველას ვურჩევ საკუთარ თავს ჰკითხოს, რატომაა მათთვის მარტივად მისაღები ISIS-ის მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციის ნარატივები?" – აღნიშნა ისრაელის ელჩმა საქართველოში.

18 ოქტომბრის ვიზიტის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებელი არა ისრაელი, არამედ "სხვა მხარეა". მან ხაზი გაუსვა, რომ მას მონაცემები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა წარუდგინა.

ამას გარდა, 18 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ჰამასის ორი წევრი ლაპარაკობს, რომ აფეთქება ისლამური ჯიჰადის რაკეტამ გამოიწვია და ისინი საბრძოლო მასალებს საავადმყოფოს უკან მდებარე სასაფლაოდან ისროდნენ. ამავე დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებში ინგლისურ ენაზე ჩატარდა სპეციალური ბრიფინგი, სადაც განიხილეს სამხილები, რომლებიც მიუთითებდა, რომ საავადმყოფოს აფეთქება ისლამური ჯიჰადის რაკეტის ჩამოვარდნას მოჰყვა – რა ვიცით ღაზის საავადმყოფოს აფეთქებაზე.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები