ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც 2 ჰამასელი საუბრობს, რომ საავადმყოფოს მათი რაკეტა მოხვდა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც, მათი ცნობით, ჰამასის ორი წევრი საუბრობს, რომ ღაზაში საავადმყოფოს პალესტინური ისლამური ჯიჰადის რაკეტა დაეცა.

"ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, ჰამასმა შეამოწმა ცნობები, მიხვდა, რომ ეს ისლამური ჯიჰადის რაკეტა იყო, რომელსაც ხარვეზი ჰქონდა, და გადაწყვიტეს წამოეწყოთ მსოფლიო მედია კამპანია, რათა დაემალათ, რა მოხდა სინამდვილეში". – თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

ჩანაწერში, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასის 2 წევრი საუბრობს:

- გეუბნები, პირველად ვნახეთ მსგავსი რაკეტის ჩამოვარდნა.

- ამიტომ ვამბობთ, რომ ის პალესტინურ ისლამურ ჯიჰადს ეკუთვნის.

- რა?

- ამბობენ, რომ პალესტინურ ისლამურ ჯიჰადს ეკუთვნის.

- ჩვენია?

- მგონი ასეა.

- ვინ ამბობს ამას?

- ისინი ამბობენ, რომ რაკეტის ნამსხვრევები ადგილობრივი რაკეტისაა და არ გავს ისრაელისას.

- რას ლაპარაკობ?

- ღმერთო ჩემო, სხვა ადგილი ვერ იპოვა ასაფეთქებლად?

- მათ ის საავადმყოფოს უკან მდებარე სასაფლაოდან ისროლეს.

- რა?

- ალ-მაამადანის საავადმყოფოს უკან მდებარე სასაფლაოდან ისროლეს, გაუმართავად წავიდა და მათ დაეცა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ მედიები გააკრიტიკა, რომ საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვზე ისინი ჰამასის ცნობებს ეყრდნობოდნენ.

"ბევრმა მედია გამოცემამ პირდაპირ გაავრცელა ჰამასის დაუდასტურებელი მტკიცება, ჰამასის ტყუილები... მინდა ცხადი იყოს: შეუძლებელია გაიგო რა მოხდა ისე სწრაფად, როგორც ჰამასმა დაიწყო მტკიცება, რომ იცოდნენ რა მოხდა". – თქვა ჰაგარიმ.

ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმას, ჰამასის ცნობით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვეს, მომაკვდინებელი აფეთქება გამოიწვია ტერორისტული დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის მიერ გაშვებულმა გაუმართავმა რაკეტამ, რომელიც შენობას დაეცა.

კომენტარები