სროლა ბრიუსელში

ბელგიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად საფრანგეთი სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს

ბელგიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად საფრანგეთი სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა ისაუბრა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი შესაძლოა საფრანგეთისკენ მიდიოდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჟერალდ დარმანინი აღნიშნავს, რომ საჭიროა "საზღვრებზე უსაფრთხოების თანამშრომლების რაოდენობის გაორმაგება". 

16 ოქტომბერს, ბრიუსელში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ბელგიური მედიის ცნობით, დაღუპულები, სავარაუდოდ, შვედეთის მოქალაქეები არიან, კერძოდ კი, იმ საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერები, რომელიც 16 ოქტომბრის საღამოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბელგიას დაუპირისპირდა. 

პროკურატურის პრესსპიკერის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია და მოტივზე დაუყოვნებლივ კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

დღეს, 17 ოქტომბერს ბელგიის ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ სავარაუდო ეჭვმიტანილი შაერბიკის სამეზობლოს კაფეში დაჭრა. 

პროკურატურა მომხდარს ადასტურებს, თუმცა ჯერ უცნობია იყო თუ არა მოკლული ადამიანი ის პირი, რომელმაც 16 ოქტომბერს ავტომატური თოფის გამოყენებით ბრიუსელში ორი ადამიანი მოკლა. 

კომენტარები