ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Sky News: ჰამასის ოფიციალურმა წამომადგენელმა "არ იცის", ცოცხალია თუ არა მათი 199 მძევალი

REUTERS/Mohammed Salem

როგორც ჰამასის პოლიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა, ბასემ ნაიმმა Sky News-ს უთხრა, მას არ აქვს ინფორმაცია, ცოცხალია თუ არა მძევლად აყვანილი 199 ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქე.

ბასემ ნაიმის მითითებით, ამ ინფორმაციის დაზუსტება "შეუძლებელია", რადგან ღაზას სექტორი "მძიმე დაბომბვის ქვეშ იმყოფება", რომელიც ჰამასის ლიდერისვე თქმით, მძევლების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. 

ამ დრომდე ჰამასი ამტკიცებდა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 20-ზე მეტი მძევალი იყო დაღუპული.

"ჩვენ ყველა შუამავალს ვუთხარით, რომ მზად ვართ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტისთანავე გავათავისუფლოთ ყველა სამოქალაქო მძევალი". - აღნიშნა ნაიმმა Sky News-თან საუბრისას.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ჰამასის მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ ქმედებებსა და ფართომასშტაბიან მკვლელობებს, ნაიმმა თქვა, რომ "მიუღებელი" და "ნამდვილად სამარცხვინოა" ერთი კვირის წინ მომხდარის განხილვა მაშინ, როცა "ისრაელმა ახლახან 3 000 პალესტინელი დახოცა".

ნაიმის მტკიცებით, ომის დაწყების მიზანი "ოკუპაციისა და მახრჩობელა ალყისგან თავის დაღწევა" იყო.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები