ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელმა ჩემი თანაგრძნობა 15 წუთში დაკარგა – ხორვატიის პრეზიდენტი

ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი
Attila Kisbenedek/AFP via Getty Images

ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის თქმით, ჰამასის თავდასხმების შემდეგ ღაზაში საპასუხო ქმედებების გამო ისრაელს აღარ თანაუგრძნობს. 

12 ოქტომბერს მედიისთვის მიცემულ კომენტარში მილანოვიჩმა ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, ისრაელის დროშა უწყების შენობის გარეთ ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად გამოფინოს, "იდიოტური ნაბიჯი" უწოდა.

"მთელი ჩემი თანაგრძნობით ისრაელის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ 15 წუთში დაკარგეს… ხორვატიაში სხვა დროშების ადგილი არ არის, გარდა მკაცრად რეგულირებული სიტუაციებისა. მე ვგმობდი [ჰამასის] მკვლელობებს, გამოვხატე ზიზღი, მაგრამ თავდაცვის უფლება არ მოიცავს შურისძიების უფლებას და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას". - აღნიშნა მილანოვიჩმა.

ხორვატიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ევროკავშირისა და NATO-ს დროშებს ხორვატიის დროშაზე დაბლა დაკიდებს, რადგან მისივე თქმით, ეს დროშები ხორვატიის დროშის "თანაბარი არ არის". 

ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. 

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს. 

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები