ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

CNN: ისრაელის მთავრობა ვერ ადასტურებს, რომ თავმოკვეთილი ისრაელელები ჩვილები არიან

GETTY

ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ ისრაელის მთავრობა ჰამასის თავდასხმის დროს ჩვილებისათვის თავის მოკვეთას ვერ ადასტურებს.

"ჰამასის მებრძოლების მიერ თავების მოკვეთისა და ISIS-ის სტილში სხვა დანაშაულების ჩადენის შემთხვევები გამოვლინდა. თუმცა, არ შეგვიძლია დადასტურება, მსხვერპლები იყვნენ კაცები, ქალები, სამხედროები, თუ სამოქალაქოები, ზრდასრულები, თუ ბავშვები". - თქვა ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბრისას. მისი ვინაობა მედიას არ გაუვრცელებია.

10 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში მდებარე რამდენიმე კიბუცში, მცირე ებრაულ დასახლებებში, ასობით დახოცილი ადგილობრივის ცხედარი აღმოაჩინეს. მედია იუწყებოდა, რომ ერთ-ერთ კიბუცში, კფარ აზაში თავმოკვეთილი ბავშვების ცხედრებიც იპოვეს.

11 ოქტომბერს აღნიშნული დაადასტურა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წარმომადგენელმა, თალ ჰაინრიხმა, მოგვიანებით კი ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა, ნირ დინარმაც თქვა, რომ ჰამასმა მსხვერპლებს თავები მოჰკვეთა.

"ვიცით, რომ იყვნენ მოკლული ჩვილები. არსებობს თავის მოკვეთის მტკიცებულებებიც. არ ვიცი, როგორ დავადასტურო ზუსტი რიცხვი, ან როგორ მოკლეს ისინი". - თქვა დინარმა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში ჰამასის ტერორისტების თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვმა 1 200-ს გადააჭარბა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები