ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

I24: კფარ აზაში ჰამასის მიერ დახოცილი ჩვილებიდან ზოგს თავი აქვს მოკვეთილი

კფარ აზადან ცხედრების გატანის პროცესი, 2023 წლის 10 ოქტომბერი
Chaim Goldberg/Flash90

ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო მედიის, I24-ის ინფორმაციით, ღაზის სექტორის მიმდებარე დასახლება კფარ აზაში სამხედროებმა ცხედრებს შორის, სულ მცირე, 40 დახოცილი ჩვილი და ბავშვი იპოვეს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, მათგან ზოგიერთს თავი აქვს მოკვეთილი.

ამასთან, I24 წერს, რომ ისრაელის სამხედროებმა მედია ჰამასის მიერ გამართული ხოცვა-ჟლეტის ადგილას პირველად შეიყვანა.

"კფარ აზაში იმ ისრაელელების ცხედრების გატანას აგრძელებენ, რომლებიც შაბათს საღამოს ამოხოცეს... ერთ-ერთმა მეთაურმა თქვა, რომ, სულ მცირე, 40 ჩვილი მოკლეს, ზოგიერთ მათგანს თავი აქვს მოჭრილი. მან თქვა, რომ მსგავსი სისასტიკე არასდროს უნახავს". - ამბობს ჟურნალისტი.

მედია გენერალ-მაიორ ითაი ვერუვის სიტყვებსაც ავრცელებს, რომელმაც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს მისცა კომენტარი.

"ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი. თქვენ ხედავთ ჩვილებს, დედებს, მამებს, საძინებელ ოთახებში, უსაფრთხო ოთახებში და როგორ დახოცეს ისინი ტერორისტებმა... ეს ხოცვა-ჟლეტაა ეს ტერორისტული აქტია". - თქვა გენერალმა.

ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა საერთო რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები