ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი: არასდროს მეგონა, რომ ტერორისტების მიერ ბავშვების თავის მოკვეთის სურათებს ვნახავდი

ჯო ბაიდენი ებრაული საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრაზე, 2023 წლის 11 ოქტომბერი.
AP/Susan Walsh

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ ისრაელის დასახლებებში ჰამასის ტერორისტები ბავშვებს თავებს კვეთდნენ. ამის შესახებ მან ამერიკაში ებრაული საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"არასდროს მეგონა, რომ ოდესმე მომიწევდა მენახა მტკიცებულება, ტერორისტების მიერ ბავშვებისთვის თავების მოკვეთის ფოტოები, არასდროს მეგონა...". – თქვა ჯო ბაიდენმა.

10 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში მდებარე რამდენიმე კიბუცში, ანუ მცირე ებრაულ დასახლებაში გაწმენდვითი ოპერაციები დაასრულეს და ასობით დახოცილი ადგილობრივის ცხედრები აღმოაჩინეს. მედია იტყობინებოდა, რომ ერთ-ერთ კიბუცში, კფარ აზაში აღმოაჩინეს თავმოკვეთილი ბავშვების სხეულებიც. ასობით ცხედარი იპოვეს კიბუც ბეერში, საიდანაც გვამების გამოტანას აგრძელებენ.

რას პასუხობს ისრაელის ელჩი საქართველოში მათ, ვინც ფიქრობს რომ ისრაელი აგრესორია

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები