ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ენტონი ბლინკენი უახლოეს დღეებში ისრაელში ჩავა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის თქმით, ადგილზე სიტუაციის გასაცნობად და აშშ-ს დახმარების საჭიროებების გასარკვევად უახლოეს დღეებში სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავა.

"მდივანი მოუთმენლად ელოდება ისრაელის მთავრობაში ზემდგომ ლიდერებთან შეხვედრასა და თავდასხმების შემდეგ დაწყებული დისკუსიების გაგრძელებას". - თქვა მილერმა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, ბლინკენი ისრაელში ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გაფრინდება, ადგილზე კი ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს ჩავა.

მანამდე, 10 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ისრაელის პრეზიდენტ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა და აშშ-ს მხარდაჭერა დაუდასტურა.

საუბრის შემდეგ ბაიდენმა პრესკონფერენციაც გამართა:


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მოსაზღვრე ქალაქებზე კონტროლი აღადგინეს, თუმცა დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.

კომენტარები