ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი: ჰამასი პალესტინელებს ცოცხალ ფარად იყენებს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან რიგით მესამე სატელეფონო საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაგმო ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, რომელსაც პალესტინელი მოქალაქეების ცოცხალ ფარად გამოყენებაში დასდო ბრალი.

"ჰამასი პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევისა და ღირსების უფლებებისთვის კი არ იბრძვის, არამედ მისი მიზანია ისრაელის განადგურება და ებრაელი ხალხის მოკვლა", - თქვა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა ისრაელისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ "ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა ისრაელმა საკუთარი თავისა და მოქალაქეების დაცვა შეძლოს".

ბაიდენმა ასევე დაგმო ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, რომელსაც პალესტინელი მოქალაქეების ცოცხალ ფარად გამოყენებაში დასდო ბრალი.

ბაიდენის ცნობით, აშშ ისრაელს საჭირო შეიარაღებასა და რკინის გუმბათისთვის განკუთვნილ რაკეტებს გაუგზავნის. დახმარების მიზანი ამ კრიტიკული მნიშვნელობის საომარი საშუალებებით ისრაელის უზრუნველყოფაა, რათა მან საკუთარი ქალაქებისა და მოსახლეობის დაცვა შეძლოს. 

ბაიდენი ნეთანიაჰუს ტელეფონით ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ესაუბრა. ლიდერებმა ისრაელისადმი ამერიკის მხარდაჭერა განიხილეს. საუბრის დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები