ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელში 14 ამერიკელი მოკლეს, მძევლებს შორის ჩვენი მოქალაქეებიც არიან – ბაიდენი

Craig Hudson/Bloomberg/Getty Images

ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან რიგით მესამე სატელეფონო საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელში ჰამასის ტერორისტებმა 14 ამერიკელი მოკლეს. ამას გარდა, ბაიდენის თქმით, ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ ადამიანებს შორის აშშ-ს მოქალაქეებიც არიან.

"ახლა ვიცით, რომ ჰამასის მძევლებს შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან". - თქვა მან.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, თავის გუნდს დაავალა მძევლების გასათავისუფლებლად ისრაელის მხარეს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიაროს და მათთან შეერთებული შტატების მთავრობაში მომუშავე ყველა ექსპერტმა ითანამშრომლოს.

"ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მსოფლიოს გარშემო მძევლად აყვანილი ამერიკელების უსაფრთხოებაზე პრიორიტეტული არაფერია". - დასძინა ბაიდენმა.

ბაიდენი ნეთანიაჰუს ტელეფონით ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ესაუბრა. ლიდერებმა ისრაელისადმი ამერიკის მხარდაჭერა განიხილეს. საუბრის დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მოსაზღვრე ქალაქებზე კონტროლი აღადგინეს, თუმცა დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.

კომენტარები