ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბუნკერში მყოფების სიცოცხლე იხსნა – ნოვას ფესტივალიდან დაკარგული 23 წლის ამერიკელის ისტორია

23 წლის ამერიკელი, ჰერშ გოლდბერგ-პოლინი, რომელიც ნოვას მუსიკალური ფესტივალიდან დაიკარგა და, სავარაუდოდ, ჰამასის ტყვეობაშია
Hersh Goldberg-Polin courtesy Goldberg-Polin family

23 წლის ამერიკელის, ჰერშ გოლდბერგ-პოლინის მშობლები ისრაელში დაკარგულ შვილს ეძებენ. ახალგაზრდა კაცი ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა.

რეიჩელ გოლდბერგმა და ჯონ პოლინმა CNN-თან ინტერვიუში თქვეს, რომ ვაჟისგან ბოლოს შეტყობინება WhatsApp-ზე მიიღეს. ჰერშმა დედას ორი მესიჯი გაუგზავნა: "მიყვარხარ" და "ბოდიში".

გოლდბერგი დაუყოვნებლივ შეეცადა შვილს დაჰკავშირებოდა, თუმცა ზარს არავინ უპასუხა. შემდეგ მანაც გაუგზავნა შვილს შეტყობინებები: "კარგად ხარ?", "გამაგებინე, რომ კარგად ხარ", "ტელეფონს ჩართულს ვტოვებ, მითხარი, რომ კარგად ხარ". შეტყობინებები უპასუხოდ დარჩა.

მშობლების თქმით, პოლიციამ ადგილობრივი დროით დილის 12:45-ზე შეატყობინა, რომ მათი შვილის ტელეფონის სიგნალი ღაზის საზღვარზე დაფიქსირდა.

მას შემდეგ გოლდბერგის მშობლები ვაჟის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ბუნკერში ჰერშთან ერთად იმყოფებოდა მათ უთხრა, რომ 23 წლის ამერიკელმა თავსაფარში ჰამასის მიერ შემოგდებული ხელყუმბარა გადააგდო, რა დროსაც აფეთქებამ იდაყვს ქვემოთ ხელი მოწყვიტა.

"ადგა, გონება არ დაუკარგავს - ის ძალიან წყნარი იყო, არ ყვიროდა და ტურნიკეტით გადაჭერილი ხელით გარეთ გავიდა". - უთხრა ქალმა მშობლებს.

გოლდბერგის ოჯახი აშშ-ს მთავრობას და სხვა ლიდერებს შვილისა და სხვა მძევლების გადარჩენას სთხოვს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მოსაზღვრე ქალაქებზე კონტროლი აღადგინეს, თუმცა დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.

კომენტარები