მაჰმუდ აბასი

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი რუსეთში ვიზიტს გეგმავს

ვლადიმირ პუტინი და მაჰმუდ აბასი

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩი აბდელხაფიზ ნოფალი ავრცელებს.

"მოსკოვთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს, დღეს მიმდინარეობს პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტის დაგეგმვა". – განაცხადა ნოფალმა Россия 24-ის ეთერში.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ პალესტინის ხელისუფლება არ გამორიცხავს ისრაელთან მოლაპარაკებები სწორედ მოსკოვში გაიმართოს. ნოფალის აზრით ისრაელსა და ღაზის სექტორში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელი ნიშანია, რომელმაც მსოფლიოს საყურადღებოდ უნდა მიიღოს და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად სერიოზული ნაბიჯები გადადგას.

9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ისრაელში მშვიდობის დამყარების ყველაზე სანდო გზაა.

იმავე დღეს პალესტინას თავისი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები