სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, შსს აღნიშნავს, რომ გამოძიება მოკლული ა.შ.-ს მიმართ შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზეც მიმდინარეობს. უწყების განცხადებით, "საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება".
საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. თელავის რაიონულმა სასამართლომ 27 წლის ალიმ ასლანოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.





