ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებამ შესაძლოა ცენტრალური ბანკები ახალი ინფლაციური ტენდენციების გამოწვევის წინაშე დააყენოს, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ცენტრალური ბანკების მოლოდინი, პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გაზრდილი ინფლაციის დასტაბილურების კუთხით.
ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მოულოდნელმა შეჭრამ ისრაელის ტერიტორიაზე, ახლო აღმოსავლეთში ახალი ხანგრძლივი კონფლიქტის შესაძლებლობამ, დამატებითი უარყოფითი გავლენა იქონია ისედაც არასტაბილურ მსოფლიო ეკონომიკურ მოლოდინებზე, რომელიც რუსულ-უკრაინულმა ომმა გამოიწვია.
მიმდინარე დაძაბულობის ეკონომიკური ეფექტების სიმწვავე დამოკიდებულია კონფლიქტის ხანგრძლივობასა და მისი გავრცელების არეალის მოცულობაზე.
"ნაადრევია იმის თქმა თუ რა მასშტაბური ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტს, თუმცა სავარაუდოა, რომ მას მყისიერი ეფექტი ექნება ნავთობის ფასსა და ბირჟებზე". – ამბობს ავგუსტინ კარსტენსი, BIS (Bank of settlements)-ის გენერალური მენეჯერი, ბიზნეს ეკონომიკის ნაციონალური ასოციაციის წინაშე წარდგენილ მოხსენებაში.
კონფლიქტის არაპროგნოზირებადობამ გლობალური ეკონომიკა კიდევ უფრო ნაკლებად განჭვრეტადი გახადა, დიდია მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მაღალ საპროცენტო განაკვეთს დიდი ხნით შეინარჩუნებს.
"ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესს აჭიანურებს - ზრდის რისკებს, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში... არსებობს სერიოზული შიშები თუ სად იქნება ნავთობის ფასი ვაჭრობის განახლებისას". – ამბობს კარლ ტანენბაუმი, Northern Trust-ის მთავარი ეკონომისტი.
კონფლიქტით გამოწვეული ინფლაციის ახალი რისკები დილემის წინაშე აყენებს ცენტრალურ ბანკებს, უპირველესად იმის გამო, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები - საუდის არაბეთი და ირანი ნავთობის უმსხვილესი მომპოვებლები და ექსპორტიორები არიან, ასევე სუეცის არხი უმნიშვნელოვანესი კვანძია საერთაშორისო გადაზიდვებში.





