დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

შოლცმა ნათანიაჰუს უთხრა, რომ ეგვიპტეს მედიაციაზე დაელაპარაკება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
Markus Schreiber/AP

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნათანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

შოლცის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის პოლიტიკის ქვაკუთხედია. 

გერმანიის კანცლერი ხაზს უსვამს ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი თავდასხმის თავიდან აცილების აუცილებლობას. 

“ცხადია, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰამასის ქმედებებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ თავდასხმამ არ გააჩინოს იმგვარი ხანძარი, რომელსაც განუთვლელი შედეგები ექნება მთელი რეგიონისთვის. [...] მოვუწოდებთ ყველას ამ სიტუაციაში ტერორიზმის გაღვივების წინააღმდეგ". - თქვა შოლცმა.

შოლცი ამბობს, რომ აპირებს, ესაუბროს ეგვიპტის პრეზიდენტს, ბდელ ფატაჰ ელ-სისის და ის მხარს დაუჭერს ეგვიპტეს შუამავლობას დეესკალაციის მცდელობებში. ის ასევე გეგმავს სიტუაციის შესაფასებლად აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბარს.


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. 

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს. 

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები