დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან, 2023 წლის 8 ოქტომბერი
(GPO)

ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ისრაელს ომში ჩართვა "ღაზას სექტორიდან მომაკვდინებელი ტერორისტული თავდასხმით აიძულეს".

ომი ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე გამოცხადდა. ცნობისთვის, ისრაელს დაწერილი კონსტიტუცია არ აქვს, თუმცა ძირითადი კანონები მსგავს ფუნქციას ასრულებს.


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეტაკებების დაწყების პირველივე დღეს თქვა, რომ ისრაელი ომშია და ჰამასს "მძლავრ შურისძიებას" დაჰპირდა.

"ჩვენ ომში ვართ" – ნეთანიაჰუ

კომენტარები