დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

"ჩვენ ომში ვართ" – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანა ომშია. 

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, ომში. და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ". - აღნიშნა ნეთანიაჰუმ 

ისრაელის პრემიერის თქმით, მან გასცა ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციას შესახებ და მოიწვია უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები. ნეთანიაჰუს განმარტებით, ამ წუთებში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.

"ამავდროულად, მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ არმიისა და შიდა სარდლობის მითითებებს". - თქვა ნეთანიაჰუმ 

გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები დაღუპულთა და დაშავებულების შესახებ - ბოლო მონაცემებით, ჰამასის თავდასხმის შედეგად, ისრაელის, სულ მცირე, 300 მოქალაქე დაშავდა. ჰამასმა ისრაელის სამხრეთის ქალაქებში შეაღწია. მათ რაკეტები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში გაისროლეს. 

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. მათ ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს.

ტერორისტები ირწმუნებიან, რომ 5 000 რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა, პარალელურად კი, ოპერაცია "რკინის ხმლები" დაწყება გამოაცხადა.

ისრაელის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შაარ ჰანეგევის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ოფირ ლიბშტეინი დღეს დილით ჰამასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

კომენტარები