დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე წამოწყებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა.

ამასთან, თავდაცვის ძალების სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები ახლა უშუალოდ ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლების დასრულებასა და ღაზა-ისრაელის გამყოფი გალავნის გარღვევის შეჩერებასა და კონტროლის დამყარებაზეა ორიენტირებული.

განცხადება გაავრცელა ჰამასმაც და თქვა, რომ სამხრეთ ისრაელის ქალაქებში მისი მებრძოლები რჩებიან და ღაზიდან მათ ისრაელის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებით ეხმარებიან.

დღეს, 8 ოქტომბერს ისრაელს ჩრდილოეთიდან თავს დაესხა ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლაც. მათ ლიბანის სამხრეთიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გახსნეს.

თავდასხმას ისრაელის თავდაცვის ძალებმა საარტილერიო დარტყმებით უპასუხეს. დრონის მეშვეობით თავს დაესხნენ ჰეზბოლას ბანაკსაც და დაჯგუფების სხვა ინფრასტრუქტურას.

მსხვერპლი იზრდება პალესტინელების მხარესაც. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელის კონტრშეტევის შედეგად, დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 256-მდე გაიზარდა. მათი ინფორმაციით, აქედან 20 ბავშვია.


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.

კომენტარები